აპენდიციტი - პასუხები კითხვებზე

appendix

რა არის აპენდიქსი? რა ფუნქცია აქვს მას? სჭირდება თუ არა აპენდიქსი ადამიანის ორგანიზმს?

  აპენდიქსი მსხვილი ნაწლავის საწყისი მონაკვეთის, ბრმა ნაწლავის ჭიაყელასმაგვარი ფორმის, ბრმად დაბოლოებადი დანამატია. მილისებრი ფორმის ორგანოა, რომლის ერთი ბოლო ბრმად ბოლოვდება, ხოლო მეორე ბრმა ნაწლავის გუმბათის არეში, მის სანათურში იხსნება. აპენდიქსს საკუთარი არტერია, ვენები და ნერვები აქვს, ამდენად, დამოუკიდებელი ორგანოა. მის სანათურსა და ბრმა ნაწლავს შორის, ანატომიურად განირჩევა ირგვლივი კუნთოვანი ბოჭკოების შესქელებული უბანი, რომელსაც ჰერლახის სარქველი ჰქვია. აღნიშნული სფინქტერული (მომჭერი) ფუნქციის მქონე მექანიზმი გამოჰყოფს აპენდიქსის სანათურს ბრმა ნაწლავის სანათურისგან და, ნორმაში, იცავს მასში ბრმა ნაწლავის, განავლოვანი შიგთავსის მოხვედრისგან. 

  აპენდიქსი ფუნქციურად საკმაოდ დატვირთული ორგანოა: მის ლორწოვან-ლორწქვეშა გარსში დიდი რაოდენობით ლიმფოიდური ქსოვილის არსებობის გამო, მას მსხვილი ნაწლავის სანიტარსაც ეძახიან - იცავს მსხვილ ნაწლავს პათოგენური ფლორით გამოწვეული ანთებისგან. აგრეთვე, აპენდიქსის სანათური წარმოადგენს ნორმული მიკროფლორის ერთგვარ მინირეზერვუარს და მონაწილეობს ნორმული ფლორის რეგულირებაში. გარდა ამისა, აპენდიქსში გამომუშავდება ნივთიერებები (წვრილი ნაწლავის ლორწოვანის მსგავსად), რომლებიც მონაწილეობენ მსხვილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის (კუჭის მოქმედების) რეგულირებაში. ზოგადად, აპენდიქსი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ორგანიზმის იმუნური უჯრედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასწავლო-საწვრთნელი ბაზა.

  რა არის აპენდიციტი? რა იწვევს აპენდიციტს? აპენდიციტის ეტიოლოგია, პათოგენეზი.

   მწვავე აპენდიციტი არის ჭიანაწლავის (ჭიაყელა დანამატის და არა „ბრმა ნაწლავის" როგორც ეს ხალხშია გავრცელებული) მწვავე ანთება, რომელსაც, ძირითადად, დანამატის სანათურის დახშობა იწვევს. თავად სანათურს, უმეტესად, განავლოვანი ქვები, შესქელებული განავლოვანი მასები ახშობს, შედარებით იშვიათად – ჰელმინთები (ნაწლავის ჭიები), საკუთარი ლიმფოიდური აპარატის ჰიპერპლაზია, ანთებითი შეშუპება და უცხო სხეულები (მყარი უჯრედისი, მზესუმზირის და სხვა ბოსტნეულისა და ხილის უხეში ქერქი, შემთხვევით გადაყლაპული, მცირე ზომის არასაკვები ობიექტები და სხვა). გარდა აღნიშნულისა, აპენდიციტი, განსაკუთრებით მოხუცებულ ასაკში, შეიძლება გამოიწვიოს ჭიანაწლავის არტერიის პირველადმა ემბოლიამ ან თრომბოზმა. არის მოსაზრება არტერიის ხანგრძლივი სპაზმის, როგორც შესაძლო ეტიოლოგიური ფაქტორის შესახებაც. ობტურაციული აპენდიციტის დროს, როდესაც მისი სანათურის კავშირი ბრმა ნაწლავის სანათურთან დახშობილია, აპენდიქსის სანათურში დაგროვებას განაგრძობს ლორწოვან გარსში გამომუშავებული სეკრეტი, რის გამოც, აპენდიქსის სანათურშიდა წნევა იზრდება, ეს იწვევს ლორწოვან გარსზე ზეწოლას, მიმართულებით შიგნიდან გარეთ, რის გამოც „მიიჭყლიტება" ლორწქვეშა გარსში გამავალი წვრილი ვენები. როდესაც აპენდიქსის სანათურშიდა წნევა აჭარბებს ვენურ წნევას, მცირე ზომის ვენულები და კაპილარები ითრომბება, ხოლო არტერიოლები კვლავ ღიაა, რაც იწვევს მათ შებერვას და ჭიანაწლავის ლორწოვანი გარსის დამატებით შეშუპებას, სანათურში სითხის დამატებით პროდუცირებას, სანათურშიდა წნევა კიდევ უფრო იზრდება, ლორწოვანი გარსის სისხლმიმოქცევა მკვეთრად უარესდება, იშემიის გამო გამოიყოფა ანთების მედიატორები; სისხლმიმოქცევის გაუარესების გამო, ეცემა ადგილობრივი იმუნური დაცვის შესაძლებლობები, რაც დამატებით ააქტიურებს სანათურშიდა პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკრობებს (ჭია ნაწლავის ყველაზე ხშირი ბაქტერიებია Bacteroides fragilis და Escherichia coli.), რომლებიც იჭრებიან ლორწოვან გარსში და იწყება ანთებითი პროცესის პირველი ეტაპი - კატარული აპენდიციტი! ჭიანაწლავის სანათურის გადაბერვა რეფლექსურად იწვევს მადის გაქრობას, გულისრევასა და ღებინებას, ვისცერულ (გაფანტულ) ტკივილს ჭიპის გარშემო; ეს სიმპტომები ჭიანაწლავის ემბრიონულ წარმოშობას უკავშირდება. თუ ეტიოლოგიური და პათოგენეზური მექანიზმები არ მოიხსნა, ანთებითი პროცესი პროგრესირებს, ვრცელდება აპენდიქსის კედლის ყველა შრეში. ანთებითი პროცესი მალევე ჩაითრევს ჭიანაწლავის სეროზულ გარსს, ანუ ამ რეგიონის პარიესულ პერიტონეუმს, რაც იწვევს კლასიკურ ნიშანს - მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილს (ტკივილს მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში, აპენდიქსის ფუძის პროექციაზე, მაკბერნის წერტილში). შემდგომში ანთებითად შეცვლილი კედლები სქელდება, ფხვიერდება, განიცდის ჩირქოვან იმბიბირებასა და „გალხობას"; ადგილ-ადგილ, სისხლმიმოქცევის უკიდურესი უკმარისობის გამო, კვდება, ნეკროზდება და აღნიშნულ ადგილებში, სანათურშიდა მაღალი წნევის მოქმედებით, კედლის მთლიანობა ირღვევა - აპენდიქსი სკდება. სანათურში არსებული, პათოგენური მიკრობებით მდიდარი, ჩირქი ხვდება თავისუფალ მუცლის ღრუში. პაციენტი შეიგრძნობს ტკივილის მკვეთრ მატებას. ტემპერატურა იმატებს 38,50-ზე ზემოთ. ყოველივე აღნიშნული უკვე ნიშნავს აპენდიციტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულების - მწვავე აპენდიკულური, ჩირქოვანი პერიტონიტის დაწყებას. 

ვის ემართება ეს? კვების ფაქტორი? ასაკი? სხვა რისკ-ფაქტორები. 

  მწვავე აპენდიციტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ხშირია თინეიჯერებსა (10-21წ.წ.) და 40-50 წლის ასაკში.

ეპიდემიოლოგია:

  მწვავე აპენდიციტი მუცლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მწვავე ქირურგიული, გადაუდებელი მდგომარეობაა. 2006-07 წლებში დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 34 600-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევათა უმეტესობა დაფიქსირდა მამაკაცებში 15-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში. უმეტესობა გამოვლინდა გადაუდებელი სახით (29 576). აშშ-ში ტარდება წელიწადში 250 000 აპენდექტომია.; თუმცა, ინციდენტობა უფრო დაბალია მოსახლეობებში, რომელშიც მაღალბოჭკოვან საკვებს იღებენ. ცხოვრების განმავლობაში მწვავე აპენდიციტის განვითარების ჯამური რისკი მამაკაცებში 8.6%, ხოლო ქალებში 6.7%-ია; აპენდექტომიის რისკი მამაკაცებში 12%, ხოლო ქალებში 23%-ია. 

  ზოგადად, აპენდიციტის ან აპენდექტომიის ჯამური ინციდენტობა არის დაახლოებით 100 ყოველ 100 000 ადამიანი/წელზე. მონაცემების თანახმად, ახლად ინდუსტრიულ ქვეყნებში ხშირია ინციდენტობის ზრდა. აღნიშნული მდგომარეობა ყველაზე ხშირად გვხვდება თინეიჯერებსა და 40-50 წლის პაციენტებში. მამაკაცებს შედარებით მაღალი რისკი აღენიშნებათ (1,3:1).

  ასაკის მიხედვით ძირითადი ჰიპოთეტური და დადასტურებული რისკ ფაქტორებია:

ძუძუთი კვება <6 თვეზე ნაკლებ ხანს:

  აზიანებს იმუნურ პასუხს ზოგიერთი მიკრობის წინააღმდეგ. ბავშვებში, რომლებიც 6 თვეზე ნაკლებ ხანს იღებდნენ დედის რძეს, მწვავე აპენდიციტის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე 6 თვიანი ძუძუთი კვების შემთხვევაში.

ბოჭკოს ნაკლებობა დიეტაში:

  იწვევს ყაბზობას. ბავშვები, რომელთაც აპენდექტომია სჭირდებათ, იღებენ ნაკლებ ბოჭკოვან საკვებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალი ბავშვები. თუმცა, აღნიშნული თეორია სადავოა.

უკეთესი პირადი ჰიგიენა:

  დასავლურ საზოგადოებაში მწვავე აპენდიციტის უფრო მაღალი ინციდენტობა შეიძლება დაკავშირებული იყოს საცხოვრებელი გარემოსა და პირადი ჰიგიენის გაუმჯობესებასთან. გასტროინტესტინური მიკრობული ფლორის ბალანსი მნიშვნელოვანია ინფექციის პრევენციისთვის, მონელებისთვის და საჭირო საკვები ნივთიერებების სინთეზისთვის. ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენებისა და ჰიგიენის ზომების დაცვის შედეგად ექსპოზიცია მიკრობებზე ნაკლებია და/ან მიკრობული ფლორის ბალანსი დარღვეულია, რაც იწვევს ვირუსულ ინფექციაზე პასუხის მოდიფიცირებას და აპენდიციტის პროვოცირებას.

მოწევა:

  პასიურ მწეველ ბავშვებში მწვავე აპენდიციტის ინციდენტობა მნიშვნელოვნად მაღალია. მწვავე აპენდიციტი ასევე უფრო ხშირია მწეველ მოზრდილებში, ვიდრე არამწეველებში.

ხანდაზმული ასაკი და გამოხატული ათეროსკლეროზი:

  ყველა ორგანოს და მათ შორის, აპენდიქსის დაავადებებსაც იწვევს. აპენდიქსის არტერიის ათეროსკლეროზული დაზიანების ფონზე, იზრდება მისი თრომბოზის რისკი, რაც აპენდიქსის პირველად განგრენას და მოგვიანებით მის დესტრუქციას იწვევს.

აპენდიციტის სიმპტომები? მწვავე და ქრონიკული აპენდიციტი: 

  აპენდიციტი, როგორც წესი, ვლინდება მუცლის მწვავე ტკივილის სახით, რომელიც იწყება ჭიპის ირგვლივ და ეპიგასტრიუმში, ხოლო შემდგომში ლოკალიზდება ქვედა მარჯვენა კვადრანტში. მასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ცხელება, მადის გაქრობა, გულისრევა, ღებინება და ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების ნაირსახეობა) რაოდენობის მატება.

  მუცლის ტკივილი მწვავე აპენდიციტის დროს: მუდმივი ტკივილი მუცლის შუა ნაწილში, რომელიც რამოდენიმე საათს გრძელდება და რომელიც შემდეგ გადადის მარჯვენა ქვედა კვადრანტში (კოხერის ნიშანი). როგორც წესი, ტკივილი უარესდება მოძრაობისას (მაგ. კიბეებზე ასვლა-ჩასვლა) და ხველებისა და ცემინების დროს.

  ანორექსია (მადის გაქრობა) მწვავე აპენდიციტის დროს: მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც თითქმის ყოველთვის ახლავს თან მწვავე აპენდიციტს. მადის გაქრობის ნიშნის გარეშე, აპენდიციტის დიაგნოზი ეჭვქვეშ დგება.

  მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში (მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში) მწვავე აპენდიციტის დროს: კლასიკური ნიშანი მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილია (მაკბერნის ნიშანი). შეიძლება გამოვლინდეს ლოკალიზებული უკუცემითი ტკივილი, განსაკუთრებით თუ ჭიანაწლავი წინა მდებარეობისაა. მარცხენა ქვედა კვდარანტზე ზეწოლამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში (როვზინგის ნიშანი). ტკივილი შეიძლება გამოვიწვიოთ შემდეგნაირად: პაციენტი წვება მარცხენა მხარეს და ნელა ვშლით (უკანა მიმართულებით) მარჯვენა თეძოს, რათა დავჭიმოთ თეძო-სუკის კუნთი (ფსოას ნიშანი); ან მოხრილი მარჯვენა თეძოს შიდა როტაციით (დამხურავი კუნთების ნიშანი).

  გულისრევა და ღებინება მწვავე აპენდიციტის დროს: პაციენტების 75%-ს ასევე აწუხებს გულისრევა და ღებინება. ღებინება უფრო ხშირად ერთჯერადია, რეფლექსური ხასიათისაა და პაციენტს არ აძლევს შვებას, არ იწვევს გულისრევის შეგრძნების გაქრობას. იშვიათად, უფრო მცირეწლოვან ბავშვებში, შეიძლება იყოს მრავალჯერადი ღებინება.

  ცხელება (ტემპერატურის მომატება) მწვავე აპენდიციტის დროს: გაურთულებელი აპენდიციტის დროს, როგორც წესი, სუბფებრილური ხასიათისაა, სხეულის ტემპერატურა ძირითადად 1°C-ით (1.8°F) იმატებს (37,2-37,70C ფარგლებში). მოგვიანებით, როდესაც ანთებითი პროცესი მიმდებარე ორგანოებზე გადადის და ადგილობრივი პერიტონიტი ვითარდება, სხეულის ტემპერატურაც იმატებს.

  ნაწლავური ხმიანობის (პერისტალტიკის) დაქვეითება მწვავე აპენდიციტის დროს: აუსკულტაციით (მუცლის მოსმენით) შეიძლება დაქვეითებული იყოს ნაწლავური ხმიანობა, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს მარცხენასთან შედარებით.

      თუ ჭიანაწლავი ატიპურ ანატომიურ ადგილას მდებარეობს, მაგ. ბრმა ნაწლავის უკან, ან გრძელი ფორმა აქვს, შეიძლება გამოვლინდეს ზურგის, თეძოს ან მარცხენამხრივი მუცლის ტკივილი, რომელიც აგვერევა მუცელშიდა სხვა პათოლოგიების დიაგნოზებში. ასაკოვან პაციენტებში კლასიკური სიმპტომები ნაკლებად გვხვდება. შეიძლება გამოვლინდეს მუცლის არასპეციფიკური ტკივილი ასოცირებული სიმპტომების გარეშე. ასევე შეიძლება აღინიშნოს კონფუზია (მკვეთრი საერთო სისუსტე, „მივარდნილობა"). ამ ჯგუფში მდგომარეობის გამოვლენის ან დიაგნოსტირების დაყოვნება იწვევს ავადობისა და სიკვდილობის გაზრდას. მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი ორსულობის დროს ხშირად ყოვნდება, რადგანაც ტკივილის მდებარეობაზე გავლენა აქვს საშვილოსნოს მიერ ჭიანაწლავზე ზეწოლა-გადაადგილებას. ასევე, გულისრევა და ღებინება თავად ორსულობასაც ახასიათებს.  

       რა უნდა იღონოს მშობელმა აპენდიციტზე ეჭვის შემთხვევაში? როდის ავტეხოთ განგაში? როდის გვჭირდება სამედიცინო დახმარება, ექიმთან ვიზიტი? 

  აპენდიციტის ყველაზე საყურადღებო და წამყვანი სიმპტომია მუცლის ტკივილი, რომელიც სპეციფიკური ხასიათისაა. თავდაპირველად ეპიგასტრიუმის არეში იჩენს თავს, რამდენიმე საათის შემდეგ კი მარჯვენა თეძოს ფოსოში გადაინაცვლებს და იქვე რჩება, ამასთან, იღებს მუდმივ ხასიათს. ქირურგები ამას კოხერის სიმპტომს უწოდებენ. ტკივილი იწყება ჯერ ყრუ, ზეწოლითი ხასიათის ტკივილით, ხოლო მოგვიანებით, მწვავე ტკივილის ფორმას იღებს.თუმცა პრაქტიკულ მედიცინაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც სახელმძღვანელოშია აღწერილი. გამორიცხული არ არის, აპენდიციტის დროს ტკივილი ერთბაშად მოედოს მთელ მუცელს, დაერთოს გულისრევა. ისიც შესაძლოა, პირდაპირ მარჯვენა თეძოს ფოსოში აღმოცენდეს და იქვე დარჩეს.

  აპენდიციტი ანთებითი დაავადებაა, ამიტომ თან ახლავს ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნებიც: მადის დაკარგვა; ჰიპერთერმია – ტემპერატურული რეაქცია, პირღებინება, ტაქიკარდია, ენის სიმშრალე, შარდის რაოდენობის შემცირება და სხვა.

  თუ ტკივილი ოდნავ მაინც ჰგავს ზემოთ აღწერილს, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. აპენდიციტი საკმარისად რთულად სადიაგნოსტიკო და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, ამიტომაც სახლში მოცდითი ტაქტიკა და მეზობლებისა და „გამოცდილი" ბებიების რეცეპტებით მკურნალობა ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს. ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა: მუდმივი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება ან დაკარგვა, გულისრევა, ერთჯერადი ღებინება, ტემპერატურის მომატება 37,20 და მეტი, პირის სიმშრალე, საერთო სისუსტე; დაუყოვნებლივ მიმართეთ ქირურგს!!!

       როგორ ამოვიცნოთ აპენდიციტი? როგორ ხდება აპენდიციტის დიაგნოსტიკა? 

   აპენდიციტი ძალიან თავისებური და საკმარისად რთულად სადიაგნოსტიკო დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. ანატომიური მდებარეობიდან, ანატომიური ვარიაციებიდან, ინერვაციის, სისხლის მომარაგების და ლიმფური ქსელის სტრუქტურიდან გამომდინარე, აპენდიციტს მუცლის ღრუს პრაქტიკულად ყველა მწვავე დაავადების იმიტაცია შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ტიპიურ, კლასიკურ შემთხვევებში აპენდიციტის დიაგნოზს მარტივად სვამს ჯანდაცვის პირველი რგოლის, ოჯახის ექიმიც კი, რთულ და ატიპიურ შემთხვევებში, დიაგნოზის დადგენა შეიძლება სპეციალიზებულ, მულტიპროფილურ ქირურგიულ ცენტრებშიც კი გაჭირდეს, მიუხედავად კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მთელი არსენალის გამოყენებისა.

  ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ვთვლით, რომ „პური მეპურემ უნდა გამოაცხოს"- როდესაც საქმე აპენდიციტის დიაგნოსტირებას ეხება, უმჯობესია შესაბამისი სპეციალიზაციის ქირურგთან ვიზიტი!

  მწვავე აპენდიციტზე ეჭვის დროს პაციენტის მდგომარეობის შეფასება სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის გაზომვით იწყება. ამის შემდეგ ექიმი ამოწმებს ენას (მშრალი ხომ არ არის), პულსს (აჩქარებული ხომ არ არის), მერე კი იწყება მუცლის ღრუს კვლევა – აუსკულტაცია (მუცლის ხმიანობის მოსმენა), პერკუსია (ხმიანობის შემოწმება თითების კაკუნით), პალპაცია (ხელით გასინჯვა). მარჯვენა თეძოს ფოსოს მიდამოში ამ დროს კუნთების დაჭიმულობა და მკვეთრი ტკივილი შეინიშნება. ტკივილი, წესისამებრ, ძლიერდება პალპაციისა და მარცხენა გვერდზე წოლის დროს. თუ ჭიანაწლავი ბრმა ნაწლავის უკანაა, ტკივილს გამართული ფეხის აწევაც აძლიერებს. მენჯის მარჯვენა კედლის ტკივილი მჟღავნდება სწორი ნაწლავისა და საშოს მხრივ თითით გასინჯვის დროს. ლაბორატორიულ კვლევათაგან განსაკუთრებით ინფორმატიულია სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც შედარებით ლეიკოციტოზს – ნეიტროფილების რაოდენობის მომატებას – ავლენს. განისაზღვრება სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორიც – მათი ცოდნა აუცილებელია ქირურგიული ჩარევის დროს. საშარდე გზების პრობლემების გამოსარიცხად შარდის საერთო ანალიზსაც ატარებენ. რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში სასურველია ორსულობის ტესტის გაკეთებაც - საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოსარიცხად. ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტული კვლევაა მუცლის ღრუს ექოსკოპია. შესაძლოა საჭირო გახდეს მუცლის ღრუს კონტრასტული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა და, იშვიათად, მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფიაც. გინეკოლოგიური პრობლემის გამოსარიცხად ქალებს ზოგჯერ გინეკოლოგთანაც გზავნიან.

  მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტირებისას, პირველი რიგის დიაგნოსტიკური ტესტებია:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის ანალიზი ორსულობაზე
  • მუცლის ღრუს მიმოხილვითი ექოსკოპიური კვლევა

  ამერიკის შეერთებული შტატების კლინიკებში, ემერჯენსის განყოფილებაში მოხვედრილ პაციენტებს ეჭვით მწვავე აპენდიციტზე, რუტინულად უტარდებათ მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია. ორსულობის დროს განვითარებული მწვავე აპენდიციტის დროს შეიძლება საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული კომპიუტერული ტომოგრაფია, რადგანაც ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია რენტგენის გამოსხივებით მუშაობს და ნაყოფისთვის (პრინციპში დედისთვისაც) საზიანოა.

  პაციენტის გამოკვლევა იწყება ანამნეზის შეგროვებით (პაციენტის გამოკითხვა) და ფიზიკალური გამოკვლევის მეთოდებით. ამ ეტაპზე შეიძლება სასარგებლო გამოდგეს სხვადასხვა სახის კლინიკური გადაწყვეტილების მიღების შკალები; მაგ.: ალვარადოს ქულათა სისტემა და სხვა.

ანამნეზი:

  მუცლის ტკივილი მთავარი პირველი ჩივილია. როგორც წესი, ტკივილი იწყება მუცლის შუა ნაწილში და 1-12 საათის შემდეგ გადადის მარჯვენა ქვედა კვადრანტში (მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში). ტკივილი, უხშირესად, მუდმივი ხასიათისაა და იშვიათად ვლინდება მუცლის სპაზმური ტკივილით. ტკივილი ძლიერდება მოძრაობისას და ხველისას.

  ტკივილის ადგილმდებარეობა შეიძლება განსხვავდებოდეს ჭიანაწლავის ანატომიის მიხედვით:

  ბრმა ნაწლავის უკანა (რეტროცეკალური) ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს ფერდქვეშა ან ზურგის ტკივილს

თეძოს ნაწლავის უკანა (რეტროილეური) ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს სათესლის ტკივილს სათესლე არტერიის ან შარდსაწვეთის გაღიზიანების გამო.

  მენჯის ღრუში მდებარე ჭიანაწლავი შეიძლება იწვევდეს ბოქვენზედა ტკივილს

  თუ ჭიანაწლავი გრძელია და მისი წვერო მარცხენა ქვედა კვადრანტში იწვევს ანთებას, ტკივილი შეიძლება აქ იყოს ლოკალიზებული.

  მადის გაქრობა მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლავს მწვავე აპენდიციტს. მადის გაქრობის ნიშნის გარეშე, აპენდიციტის დიაგნოზი ეჭვქვეშ დგება. პაციენტების 75%-ს ასევე აწუხებს გულისრევა და ღებინება. მოგვიანებითი ნიშანია სრული ყაბზობა.

  მწვავე აპენდიციტის მქონე პაციენტთა 95%-ში სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია: მადის გაქრობა, მუცლის ტკივილი და შემდეგ გულისრევა, ღებინება. თუმცა, ორსულებში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გულისრევა, ღებინება და ლოკალური პერიტონიტი. აღნიშნული სიმპტომები მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული აპენდიციტის დიაგნოზთან.

ფიზიკალური გამოკვლევა:

  როგორც წესი, სასიცოცხლო ნიშნები მნიშვნელოვნად არ იცვლება. სხეულის ტემპერატურა ოდნავ შეიძლება იყოს მომატებული (საშუალო მატება 1°C; 1.8°F). მაღალი ცხელების შემთხვევაში საჭიროა სხვა დიაგნოზების განხილვა. შესაძლოა აღინიშნებოდეს ტაქიკარდია.

  კლასიკური ნიშანია მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მაკბერნის ნიშანი) და ლოკალიზებული უკუცემითი ტკივილი (ე.წ. „შჩოტკინ-ბლუმბერგის" სიმპტომი - თუ ჭიანაწლავი წინა მდებარეობისაა). ასევე შეიძლება გამოვლინდეს მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი მარცხენა ქვედა კვადრანტის კომპრესიის შემდეგ (როვზინგის ნიშანი).

  ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში შეიძლება გამოვიწვიოთ შემდეგნაირად: პაციენტი წვება მარცხენა მხარეს და უკანა მიმართულებით ნელა ვშლით მარჯვენა ფეხს მენჯ-ბარძაყის სახსარში, რათა დავჭიმოთ თეძო-სუკის კუნთი (ფსოას ნიშანი); ან მოხრილი მარჯვენა თეძოს შიდა როტაციით (დამხურავი კუნთების ნიშანი).

   შეიძლება დაქვეითებული იყოს ნაწლავური ხმიანობა, განსაკუთრებით მარჯვენა მხარეს (მარცხენასთან შედარებით).

  ზემოთაღნიშნული მუცლის კლასიკური სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, თუ ჭიანაწლავი ატიპურ ანატომიურ ადგილზეა.

  პერფორაციის მქონე პაციენტებთან დამახასიათებელია ჰიპოტენზია, ტაქიკარდია და დაჭიმული, გადაბერილი მუცელი, ზოგადი დაცვითი რეფლექსი და ნაწლავური ხმიანობის გაქრობა.

  თუ ჭიანაწლავის პერფორაცია შემოფარგლულია ბადექონით (ჭიანაწლავის გარშემო აბსცესი), შესაძლებელია პალპაციით მტკივნეული წარმონაქმნის, აპნედიკულური ინფილტრატის დაფიქსირება.

  მუცლის დისკომფორტის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი. როგორც წესი, ვლინდება მსუბუქი ლეიკოციტოზი (10 - 18 x 109/ლ ან 10,000 -18,000/მიკროლიტრი) და ნეიტროფილების მატება ფორმულის მარცხნივ გადახრით. შარდის საერთო ანალიზი ავლენს საშარდე გზების პრობლემებს: ერითროციტები შარდში, უფრო ხშირია შარდ-კენჭოვანი დაავადების გართულებათა დროს და ჰემორაგიული ცისტიტის შემთხვევაში; ლეიკოციტები შარდში - საშარდე გზების ანთებითი დაავადებების დროს. ორსულობის ტესტი რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში გამორიცხავს (ან ადასტურებს) გარე ორსულობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, თუ გადაწყდა ოპერაციული მკურნალობა, პაციენტებს უტარდებათ სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა; კოაგულოგრამა (ტესტების ნაკრები სისხლის შედედების უნარზე) და ტესტები ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორებიცაა: ვირუსული ჰეპატიტები, აივ/შიდსი და სიფილისი.

რადიოლოგიური კვლევები:

  მიუხედავად იმისა, რომ CT - კომპიუტერული ტომოგრაფია აპენდიციტის სადიაგნოსტიკოდ მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით ულტრაბგერით გამოკვლევაზე უკეთესია, ეს უკანასკნელი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი, სწრაფი და საწოლთან იოლად ჩასატარებელია. ბავშვებში ექოსკოპიური ულტრაბგერითი კვლევა უმჯობესია, რადგან CT სკანირება დასხივებასთანაა დაკავშირებული. არსებობს მტკიცებულება, რომ ბავშვებში, ზრდასრულებთან შედარებით, ულტრაბგერის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა უფრო მაღალია. თუ ექოსკოპიაზე ვიზუალიზდება ნორმალური ჭია ნაწლავი სრულად, შესაძლებელია მწვავე აპენდიციტის გამორიცხვა. თუმცა, ეს იშვიათად ხდება. ულტრაბგერით შესაძლებელია მუცლის ტკივილის ალტერნატიული მიზეზების აღმოჩენაც, რაც გამორიცხავს აპენდიციტს.

  მუცლისა და მენჯის კომპიუტერული ტომოგრაფიით, დამატებით შეგვიძლია დავინახოთ კედლის გასქელება, სანათურის დიამეტრის მომატება (6მმ. და მეტი), კალციფიცირებული ან ჩვეულებრივი განავლოვანი კენჭები სანათურში და ანთებითი ცვლილებები გარშემო ქსოვილებში. ჭია ნაწლავის CT სკანირება უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება მწვავე აპენდიციტის დროს. აშშ-ში რუტინული პრაქტიკაა CT-ის ჩატარება, თუ პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მწვავე აპენდიციტის ნიშნებით შემოვა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა ასევე რეკომენდებულია ატიპური გამოვლინებების დროს. თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების გამო დაგვიანებული ქირურგიული ოპერაცია, დაკავშირებულია ჭია ნაწლავის პერფორაციის მომატებულ რისკთან. კომპიუტერული სკანირება ინტრავენური კონტრასტით, პერორალური კონტრასტის დამატებით ან მის გარეშე, ხასიათდება 100%-იანი მგრძნობელობით, ხოლო ინტრავენური კონტრასტის გარეშე მგრძნობელობა 92%-ია.

  თუ ორსულ ქალებს აპენდიციტის ნიშნები აღენიშნებათ, საჭიროა მუცლის ექოსკოპიური კვლევა ჭიანაწლავის დასათვალიერებლად. თუ ულტრაბგერითი ექოსკოპიის შედეგი არადამაჯერებელია, უნდა ჩატარდეს მუცლის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (განსაკუთრებით ორსულობის ადრეულ ეტაპზე).

  რა, თუ არა აპენდიციტი? დიფერენციული დიაგნოსტიკა: რატომაა ზოგჯერ რთული აპენდიციტის ამოცნობა?

  რომელი დაავადებები იძლევა აპენდიციტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს? ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მისი ანატომიური თავისებურებების გამო, აპენდიქსის დავადებებს შეუძლია მუცლის ღრუს თითქმის ყველა ორგანოს მწვავე დაავადებების სიმულირება, ამიტომაც იგივე მტკიცებულება მართებულია საპირისპირო მიმართულებითაც: მუცლის ღრუს სხვა ორგანოების მწვავე ქირურგიული (და არაქირურგიულიც) პათოლოგიების დროს აუცილებელია აპენდიციტის გამორიცხვა, ე.წ. „დიფერენციული დიაგნოსტიკა". ჩამოვთვალოთ ძირითადი დაავადებები, რომლებთანაც ქირურგებს გვიწევს მწვავე აპენდიციტის დიფერენცირება:

  1. მწვავე მეზენტერული ადენიტი (წვრილი ნაწლავის ლიმფური ჯირკვლების ანთება).
  2. ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭისა და ნაწლავების ვირუსული ანთება).
  3. მეკელის დივერტიკულიტი.
  4. ნაწლავის ინვაგინაცია.
  5. კრონის დაავადება.
  6. კუჭის პეპტიური წყლული და მისი გართულებები.
  7. მარჯვენა შარდსაწვეთის კენჭით ობსტრუქცია (თირკმლის ჭვალი).
  8. ქოლეცისტიტი.
  9. საშარდე გზების ინფექცია.
  10. პირველადი პერიტონიტი.
  11. მენჯის ღრუს ორგანოთა ანთებითი დაავადებები.
  12. გრააფის ფოლიკულის გახეთქვა.
  13. საშვილოსნოს გარე ორსულობა.
  14. საკვერცხის შემოგრეხა და საკვერცხის კისტის აპოპლექსია.

   მწვავე მეზადენიტი: ძირითადად ბავშვებში გვხვდება, რომლებმაც მომართვამდე ცოტა ხნის წინ გადაიტანეს რომელიმე ინფექცია, მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. ამ დროს მუცლის ტკივილი, როგორც წესი, დიფუზურია და მტკივნეულობა არ არის ლოკალიზებული მარჯვენა ქვედა კვადრანტში. შეიძლება გამოვლინდეს მუცლის წინა კედლის კუნთების აქტიური დაჭიმულობა - დამცველობითი რეფლექსის სახით, მაგრამ კუნთთა პასიური რიგიდობა არასოდეს ვლინდება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გენერალიზებულ ლიმფადენოპათიას.

   სამწუხაროდ, მწვავე მეზადენიტის სადიაგნოსტიკო სპეციფიური ტესტი არ არსებობს. დიაგნოზზე მიუთითებს შედარებითი ლიმფოციტოზი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის განსაზღვრისას. ექოსკოპიური და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევების უარყოფითი მონაცემები ყველა სხვა, მწვავე ქირურგიულ დაავადებებზე გვეხმარება მწვავე მეზადენიტის დიაგნოზის დადასტურებაში.

გასტროენტერიტი:

   უხშირესად ვხვდებით ბავშვებში! ყველაზე გავრცელებული გამომწვევია სხვადასხვა სახის ენტეროვირუსები, თუმცა გვხვდება ბაქტერიული წარმოშობის და ტოქსინებით გამოწვეული გასტროენტერიტიც. ხასიათდება პროფუზული, წყლიანი დიარეით, გულისრევითა და ღებინებით. დიარეის დაწყებას ხშირად წინ უსწრებს დიფუზური, სპაზმური ტკივილი, კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე. კითხვაზე, თუ სად სტკივათ, პაციენტები ჭიპის მიდამოში იდებენ მთელ ხელის გულს.

 ტიფოიდური ცხელების შემთხვევაში, ნაწლავის პერფორაციამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ლოკალიზებული ტკივილი და/ან გენერალიზებული, უკუცემითი ტკივილი. ამ შემთხვევაში, აპენდიციტისგან სადიფერენციაციო ნიშნებია მაკულოპაპულური გამონაყარი, არაფარდობითი ბრადიკარდია და ლეიკოპენია.

  როგორც წესი, გასტროენტერიტის დიაგნოსტირება სპეციფიური ტესტების ჩატარებას არ საჭიროებს, თუ არ არის ეჭვი ტიფზე (ტიფის სალმონელას გამოყოფა განავლიდან ან სისხლიდან დაადასტურებს დიაგნოზს).

მეკელის დივერტიკულიტი:

 მეკელის დივერტიკულის არსებობა, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუ მასში რაიმე პათოლოგიური პროცესები არ იწყება. ყველაზე ხშირი გართულებებია: მეკელის დივერტიკულის ანთება, ანუ მეკელის დივერტიკულიტი, ნაწლავის ინვაგინაცია და პროფუზული სისხლდენა მეკელის დივერტიკულში განვითარებული პეპტიური წყლულიდან.

  მეკელის დივერტიკულიტის კლინიკური გამოვლინება იმდენად ჰგავს მწვავე აპენდიციტის კლინიკას, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ოპერაციამდე ურთულესი ამოცანაა. იშვიათად შეიძლება დაგვეხმაროს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. არსებობს სპეციფიური ტესტიც, თუ მეკელის დივერტიკულის ლორწოვანი გარსი კუჭის ტიპის უჯრედებითაა წარმოდგენილი - რადიოაქტიური ტექნეციუმ პერტექნეტატით სკანირებამ შეიძლება გამოავლინოს მეკელის დივერტიკული.

ნაწლავის ინვაგინაცია:

  ძირითადად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში, 2 წელზე უფრო მცირე ასაკში. იწყება უეცრად, კოლიკის მსგავსი ტკივილით. ტკივილის შეტევებს, ეპიზოდებს შორის ბავშვი წყნარდება. მუცლის პალპაციით მარჯვენა ქვედა კვადრანტში შეიძლება აღმოვაჩინოთ „სოსისის" მსგავსი წარმონაქმნი. ილეო-ცეკური ინვაგინაციის დროს მუცლის ღრმა პალპაციისას, შეიძლება შევიგრძნოთ „სიცარიელის" შეგრძნება მარჯვენა თეძოს ფოსოში (დანსის სიმპტომი). ბარიუმის ოყნით ან მსხვილი ნაწლავის აირით გაბერვის შემდეგ გადაღებულ რენტგენოგრამაზე ჩანს ინვაგინაციისთვის დამახასიათებელი სურათი. გარდა სადიაგნოსტიკო მნიშვნელობისა, აღნიშნული კვლევის მეთოდები ზოგჯერ სამკურნალოდაც გამოიყენება, დეზინვაგინაციის მიზნით.

კრონის დაავადება:

  პაციენტი ხშირად ახალგაზრდაა და აწუხებს ცხელება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი და ლოკალიზებული მტკივნეულობა, რითიც აღნიშნული დაავადება ძალიან ჰგავს მწვავე აპენდიციტს და შემთხვევათა უმრავლესობაში, მათი დიფერენცირება ოპერაციის დროს ნანახი პათოლოგიური ცვლილებების მიხედვით ხდება. კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს ინტრააბდომინური (მუცელშიდა) აბსცესი. წვრილი და მსხვილი ნაწლავის კონტრასტული კვლევით შეიძლება გამოვლინდეს სტრიქტურა ან წყლულებისა და ნაპრალების მონაცვლეობა (ქვაფენილის მსგავსი სურათი) ლორწოვანზე.

კუჭისა და 12 გ./ნაწლავის პეპტიური წყლული და მათი გართულებები (პერფორაცია, პენეტრაცია):

  დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობას. თუმცა, შემთხვევათა თითქმის 20%-ში შეიძლება წყლული მანამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. ტკივილი უეცარი დასაწყისით და იმდენად ძლიერი ინტენსივობისაა, რომ პაციენტები მას მუცელში „ხანჯლის ჩაცემას" ადარებენ და ზუსტად ახსოვთ ტკივილის დაწყების დრო. ცოტა მოგვიანებით, როდესაც პერფორირებული წყლულიდან გამოჟონილი, კუჭის მჟავის შემცველი შიგთავსი მარჯვენა ლატერალური ღარით ჩაჟონავს მარჯვენა ქვედა კვადრანტში, ტკივილი აქაც აღმოცენდება, რითიც იმიტირებს „კოხერის სიმპტომს" ამიტომაც მნიშვნელობას იძენს ანამნეზში ტკივილის დასაწყისის დაწვრილებითი გამოკვლევა. თუკი ეჭვი იქნა მიტანილი პეპტიური წყლულის პერფორაციაზე, პაციენტის ვერტიკალურ პოზიციაში გულმკერდის რენტგენსა და მუცლის რენტგენზე შეიძლება გამოჩნდეს თავისუფალი ჰაერი დიაფრაგმის ქვეშ, რაც 100% ადასტურებს დიაგნოზს.

მარჯვენა შარდსაწვეთის კენჭით გამოწვეული „თირკმლის ჭვალი":

  ტკივილი კოლიკის მსგავსია და ძლიერი ინტენსივობისაა, უხშირესად მყისიერად იწყება, ან მოკლე დროში ვითარდება. ტკივილი შეიძლება გადაეცეს საშოს ბაგეზე, სათესლე პარკზე ან პენისზე. ხშირად ტკივილის დაწყების შემდეგ ადგილი აქვს ჰემატურიას - სისხლის არსებობას შარდში. თირკმლის ჭვალის დროს, როგორც წესი, ტემპერატურა ნორმაშია, ან მცირედით შემცირებულიც კია, ე.წ. ცივი ოფლის გამოყოფის გამო, რაც ადრენალინისა და სხვა სტრესული ჰორმონების მოქმედების შედეგია და კანის ზედაპირულ სისხლძარღვთა სპაზმსაც იწვევს. ამ ფონზე შეიძლება კანის სიფერმკრთალეც შევნიშნოთ. დიაგნოსტიკური ტესტებიდან: შარდის ანალიზი დადებითია სისხლზე. სისხლის ანალიზში ლეიკოციტოზი, როგორც წესი, არ გვხვდება. საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევით, შემთხვევათა უმრავლესობაში, გამოვლინდება გაფართოებული თირკმლის მენჯ-ფიალათა სისტემა, ე.წ. „ჰიდრონეფროზი", შეიძლება თავად კენჭის ვიზუალიზებაც მოხერხდეს. მუცლის მიმოხილვით რენტგენოგრამაზე ან ტომოგრამაზე შეიძლება გამოვლინდეს კალციფიცირებული კენჭი. პიელოგრაფია და უკონტრასტო (პერორალური და ინტრავენური კონტრასტის გარეშე) CT-კომპიუტერული ტომოგრაფია ადასტურებს დიაგნოზს.

მწვავე ქოლეცისტიტი:

  ტკივილი და პალპატორული მტკივნეულობა, როგორც წესი, ეპიგასტრიუმში და მარჯვენა ფერდქვეშა არეში იწყება და აქვე რჩება. პაციენტების ერთ მესამედში შეიძლება გავსინჯოთ გადიდებული და მტკივნეული ნაღვლის ბუშტის ფუძე. დადებითია კერის, მერფის და ორტნერის ნიშანი. ულტრაბგერითი კვლევით ვლინდება ნ./ბუშტის გასქელებული კედელი (3მმ.-ზე მეტი), ბილიარული ნალექი სანათურში, ლორწოვანი გარსის შეშუპება, კონკრემენტები. ხშირად ვლინდება ყელის არეში კონკრემენტის ჩაჭედვით გამოწვეული ობტურაცია. ჰეპატობილიური სკანირებით იმინოდიაცეტატით (HIDA) - ნაღვლის ბუშტი არ გამოჩნდება >4 საათის შემდეგ.

მწვავე პანკრეატიტი:

  აპენდიციტისგან განსხვავებით იწყება დიეტის დარღვევის: დიდი რაოდენობით ძალიან ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი, მჟავე, ძალიან ცივი ან ცხელი საკვების, უფრო ხშირად კი - დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ. ტკივილი, დასაწყისში არალოკალიზებულია, გაფანტულია, ახლავს გულისრევა, მრავალჯერადი ღებინება. შემდგომში ტკივილი ეპიგასტრიუმიდან ირადირებს მარცხნივ, წელის არეში და იღებს მოჭერით „შემომსარტყვლელ", „ქამრის მოჭერის" მსგავს ხასიათს. პაციენტის მდგომარეობა, როგორც წესი, შესამჩნევად მძიმეა, ვიდრე აპენდიციტის დროს. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები, ტაქიკარდია. ტემპერატურული რეაქცია არაა; პირიქით, ტემპერატურა შეიძლება ნახევარი გრადუსით შემცირებულიც იყოს. პანკრეონეკროზის დროს, პანკრეასის აქტივირებული ფერმენტებით მდიდარი გამონაჟონი კუჭუკანა აბგიდან ვინსლოვის ხვრელით გამოდის თავისუფალ მუცლის ღრუში, ღვიძლქვეშ ჩაედინება მარჯვნივ და მარჯვენა ლატერალური ღარით გავრცელდება მარჯვენა თეძოს ფოსოს მიმართულებით. აღნიშნულმა ანატომიურ-პათოგენეზურმა ფაქტორმა შეიძლება „კოხერის სიმპტომის" სიმულირება მოგვცეს და პაციენტის ზედაპირული გამოკვლევის შემთხვევაში, ფლეგმონური ან პერფორაციული აპენდიციტის დიაგნოზით პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე მოხვდეს, რაც ყოველთვის კარგად არ სრულდება! პანკრეტიტის სასარგებლოდ მეტყველებს ისეთი დიაგნოსტიკური ტესტები, როგორებიცაა: ამილაზისა და ლიპაზის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატსა და შარდში; დამახასიათებელი ექოსკოპიური ცვლილებები; დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები (განივი კოლინჯის პარეზის გამო მისი გადაბერვა აირით, 12 გ./ნაწლავისა და კუჭის პერისტალტიკის დათრგუნვა) და ყველაზე ინფორმატიული - კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები!

საშარდე გზების ინფექცია:

   შარდის ბუშტის ანთების დროს, ტკივილი და მტკივნეულობა, როგორც წესი, ლოკალიზებულია ბოქვენზედა რეგიონში და ასოცირებულია მოშარდვისას წვასთან. აღმავალი ინფექციით გამოწვეული, მწვავე მარჯვენამხრივი პიელონეფრიტი შეიძლება გამოვლინდეს ცხელებით, ჰექტიური ტემპერატურით, შემცივნებით და მარჯვენა ნეკნ-ხერხემლის კუთხის მტკივნეულობით.

  შარდის მიკროსკოპული კვლევა და კულტურა ადასტურებს ბაქტერიის არსებობას.

პირველადი პერიტონიტი:

  პაციენტების უმეტესობას აწუხებს მუცლის უეცარი ტკივილი, ცხელება, შებერილობა და უკუცემითი ტკივილი. ანამნეზში შორსწასული ციროზი ან ნეფროზი. მუცლის ღრუს მიმოხილვითი ულტრაბგერითი კვლევით და CT-სკანირებით შეიძლება გამოვლინდეს სითხე მუცლის ღრუში (ასციტ-პერიტონიტი). პერიტონეუმის სითხეში ვლინდება პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი- >500/მიკროლიტრზე და >25%.

მენჯის ანთებითი დაავადებები:

  უფრო ხშირად გვხვდება 20-40 წლის ასაკის, აქტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე ქალბატონებში. ხასიათდება მუცლის ქვედა მესამედის, მენჯის ღრუს მტკივნეულობით ორივე მხარეს. გინეკოლოგიური გასინჯვისას დამახასიათებელია ჩირქოვანი გამონადენის არსებობა საშვილოსნოს ყელიდან, ხოლო საშვილოსნოს ყელის ნაცხით შეიძლება დადასტურდეს მენჯის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis ბაქტერიით.

გრააფის ფოლიკულის გახეთქვა:

  გრააფის ფოლიკულის სახელით ცნობილია მწიფე კვერცხუჯრედის შემცველი საკვერცხის ფოლიკული. ქალის ორგანიზმში, სქესობრივი მომწიფების შემდეგ, ყოველ 28 დღეში ერთჯერ ან მარჯვენა, ან მარცხენა საკვერცხეში წარმოიქმნება გრააფის ფოლიკული, რომელიც შიგნით განაყოფიერებისთვის მზა, მწიფე კვერცხუჯრედს შეიცავს. ყოველი მენსტრუალური ციკლის შუაში (მე-12-16 დღეს) აღნიშნული ფოლიკული სკდება და მისგან თავისუფლდება კვერცხუჯრედი და გადმოიღვრება მცირე რაოდენობით თხევადი შიგთავსი თავისუფალ მუცლის ღრუში. გრააფის ფოლიკულის გახეთქვისას, თუკი მტკივნეულობა აღინიშნება, ის აპენდიკულური ტკივილისგან განსხვავებით, დიფუზურია და არაა ლოკალიზებული. დიაგნოსტირება, როგორც წესით, კლინიკური სურათის მიხედვით ხდება. დამატებითი ტესტები და გამოკვლევები საჭირო არაა.

საშვილოსნოს გარე ორსულობა:

  რეპროდუქციული ასაკის ქალი უჩივის მენსტრუალური ციკლის გამოტოვებას, „გადაცდენას", მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილს ან მენჯის ტკივილს. ასევე ვლინდება ვაგინალური სისხლდენა ან მცირე ლაქები. მენჯის გასინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი საშვილოსნოს ყელის გამოძრავებისას. ადამიანის ქორიონული გონადოტროპული ჰორმონის დონე სისხლის შრატსა და შარდში მომატებულია. ულტრაბგერით ვლინდება წარმონაქმნი ფალოპის მილში. გამოხატული შინაგანი სისხლდენისას, ვლინდება შესაბამისი სიმპტომები და ნიშნები. საშვილოსნოს გარე ორსულობა პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა.

საკვერცხის შემოგრეხა, საკვერცხის კისტის აპოპლექსია:

  ქალი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი აწუხებს. ზოგჯერ ისინჯება წარმონაქმნი მარჯვენა ქვედა კვადრანტში. ულტრაბგერით გამოჩნდება საკვერცხის ცისტა და სისხლის მიმოქცევის დაქვეითება შემოგრეხისას და დეფორმირებული კედლების მქონე, სითხის შემცველი სტრუქტურა და თავისუფალი სითხე მუცლის ღრუში კისტის მთლიანობის დარღვევის დროს. 

აპენდიციტის სიმპტომები ორსულ ქალებში, ბავშვებში და მოხუცებში: 

    მწვავე აპენდიციტი ორსულთა ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ქირურგიული დაავადებაა, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლეს. ავადობა ორსულებში უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ქალებში, თანაც შემთხვევათა 60% ორსულობის პირველ ნახევარზე, უმთავრესად პირველ 10 კვირაზე მოდის. მწვავე აპენდიციტი, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ორსულობის პირველ (19-32%) და მეორე ტრიმესტრებში (44-66%), შედარებით იშვიათია მესამე ტრიმესტრსა (15-16%) და მშობიარობის შემდგომ პერიოდში (6-8%). საინტერესოა, რომ ორსულობის მესამე ტრიმესტრსა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უფრო ხშირად გვხვდება აპენდიციტის დესტრუქციული ფორმები. პერინატალური შედეგები უარესია, თუ დაავადება II ტრიმესტრში განვითარდა.ორსულობის დროს მწვავე აპენდიციტის განვითარებას, შეიძლება შემდეგი პათოგენეზური მექანიზმები ედოს საფუძვლად:

  • ორსულობის დროს ხშირად ვითარდება შეკრულობისკენ მიდრეკილება, რა დროსაც ნაწლავის შიგთავსი უფრო დიდხანს ყოვნდება ნაწლავის სანათურში, რაც მსხვილი ნაწლავის როგორც პათოგენური, ისე პირობით პათოგენური მიკროფლორის გააქტივებას უწყობს ხელს, ამან კი, შეიძლება შესაბამისი ცვლილებები გამოიწვიოს აპენდიქსის ლორწოვან გარსში, მის ლიმფოიდურ აპარატში და შედეგად აპენდიციტი განვითარდეს.
  • ორსულობის დროს იცვლება მთელი იმუნური სისტემა, ხოლო იმის გამო, რომ აპენდიქსიც მდიდარია ლიმფოიდური სისტემით, იცვლება მისი სტრუქტურაც. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლებელია აპენდიქსის სანათურის ობტურაციამდე და მწვავე აპენდიციტის განვითარებამდე მიგვიყვანოს.
  • ორსულობის დროს, გარდა იმუნური სისტემის ცვლილებებისა, იცვლება სისხლის სისტემაც, მისი სტრუქტურა: ადგილი აქვს ჰიპერკოაგულაციურ ცვლილებებს შედედების სისტემაში, რაც ზრდის მიკროთრომბოზებისა და მიკროემბოლიების განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნულმა შეიძლება აპენდიქსის სისხლმიმმოქცევის დარღვევა და აპენდიციტის განვითარება გამოიწვიოს.
  • ორსულობის დროს, ორსული საშვილოსნოს ზრდა იწვევს ზეწოლას ბრმა ნაწლავზე და მას აპენდიქსთან ერთად გადაანაცვლებს ზემოთ და გარეთა, ლატერალური მიმართულებით, ამან შეიძლება ბრმა ნაწლავისა და აპენდიქსის მკვებავი სისხლძარღვები გაჭიმოს, გადაგრიხოს, გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევები და აპენდიციტის განვითარებას შეუწყოს ხელი. ამასთან, აღნიშნული გადანაცვლების გამო, ორსულობის დროს განვითარებული აპენდიციტის ტკივილი შეიგრძნობა უფრო მაღლა, ვიდრე ნორმაში და ორსული საშვილოსნოს ზომაზე დამოკიდებულებით, შეიძლება მარჯვენა ფერდქვეშაც კი გადაინაცვლოს, რაც მკვეთრად ართულებს დიფერენციულ დიაგნოსტიკას მწვავე ქოლეცისტიტთან, გასტრიტთან, კუჭისა და 12 გ./ნაწლავის წყლულთან და მის გართულებებთან და პანკრეატიტთან. 

    გარდა ჩამოთვლილისა, ორსულობის პირველ ტრიმესტრში, ხშირად ადგილი აქვს ე.წ. ტოქსიკოზს, რომლის სიმპტომებიც: უმადობა და მადის შეცვლა, გულისრევა და ღებინება, შეუძლოდ ყოფნა, ძალიან ართულებს აპენდიციტის დაწყების პირველი საათების ამოცნობას.

   რამდენადაც ორსულობის დროს აპენდიციტი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც დედის, ისე ნაყოფის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე, აპენდიციტის ოპერაციული მკურნალობაც, ხშირად ასოცირებულია მუცლის მოშლის საფრთხესთან, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს დაავადების დროული დიაგნოსტირება და ადექვატური, მინიმალურად ტრავმული მკურნალობა! აპენდიციტის ამოცნობა ორსულ ქალებში შეიძლება გაუჭირდეთ პირველადი რგოლის ექიმებსა და გინეკოლოგებსაც კი, თუმცა ყოველთვის უნდა ახსოვდეთ ის და აუცილებლად, აპენდიციტზე მინიმალური ეჭვის გაჩენის დროსაც კი, პაციენტი გაგზავნონ ქირურგთან საკონსულტაციოდ!

   ბავშვთა ასაკში ჭიანაწლავის ანთება ანუ აპენდიციტი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა. მოზრდილებთან შედარებით, მწვავე აპენდიციტი ბავშვებში კლინიკურად მიმდინარეობს უფრო მძიმედ და დიაგნოსტიკა რთულია, რაც განპირობებულია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით. კერძოდ, ბავშვის დაბადებიდან პირველ თვეებში ჭიადანამატს ჩვეულებრივ აქვს ძაბრისებური ფორმა, ფართე ფუძე და წვრილი მწვერვალი, თითქოს იგი ბრმა ნაწლავის თავისებურ გამობერილობას წარმოადგენს და მხოლოდ მოგვიანებით იღებს იმ ფორმას, რაც დამახასიათებელია მოზრდილთათვის. გარდა ამისა, მოზრდილების ბრმა ნაწლავიდან ჭიანაწლავში შემავალი ხვრელის ირგვლივ არსებული კუნთოვანი „შესქელება", ე. წ. ჰერლახის სარქველი ახალშობილებში ღიაა, რომელიც 1 წლის ასაკიდან იწყებს განვითარებას და საბოლოოდ ყალიბდება 6–7 წლის ასაკში, ამის გამო, ამ ასაკში ჭიანაწლავის დაცლისათვის ხელსაყრელი პირობებია შექმნილი და მის სანათურში შიგთავსის შეგუბებას ადგილი არა აქვს. შედეგად, 3-5 წლამდე ასაკში მწვავე აპენდიციტი იშვიათი მოვლენაა, თუმცა, თუ მაინც განვითარდა, მწვავე აპენდიციტი შედარებით უფრო მწვავედ და ავთვისებიანად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში, რომლის მიზეზია ზოგიერთი ასაკობრივი თავისებურებანი, კერძოდ, როგორც ცნობილია, პერიტონიუმი იცავს მუცლის ღრუს ორგანოებს ერთმანეთთან შეხორცებისგან და აქვს ინფექციასთან ბრძოლის უნარიც. თუ ინფექციის პირველადი წყარო დროულად იქნა მოცილებული, იგი სრულიად ახერხებს მისი შედეგების ლიკვიდაციას. სამწუხაროდ, პერიტონიუმის ეს თვისება კარგად არის გამოხატული მხოლოდ მოზრდილებში, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, პერიტონიუმს ინფექციის მიმართ წინააღმდეგობის უფრო ნაკლები უნარი აქვს, ამიტომ ბავშვებში მუცლის ღრუში განვითარებული ჩირქოვანი პროცესი შედარებით ადვილად და სწრაფად ვრცელდება.

    მუცლის ღრუში არის აგრეთვე ცხიმოვან-ლიმფოიდური ორგანო დიდი ბადექონი, რომელიც წინსაფარივით ჩამოკიდებულია ზემოდან ქვემოთ და წინიდან ფარავს მუცლის ღრუს ორგანოებს. ცნობილია, რომ ბადექონი დიდ როლს ასრულებს მუცლის ღრუს ორგანოების დაცვაში და მას მუცლის ღრუს "დარაჯს" უწოდებენ. პატარა ბავშვებში ბადექონი სუსტად არის განვითარებული: იგი მოკლეა და თხელი, რის გამოც ვერ ღებულობს მონაწილეობას ანთებადი პროცესის შემოფარგვლაში. ბადექონის არასრული განვითარების შედეგად ამ ასაკში აპენდიკულური ინფილტრატი გაცილებით იშვიათად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებში და დაავადება თავიდანვე გავრცელებული ჩირქოვანი ანთების სახეს იღებს. 

   ძირითადი სიმპტომები იგივეა, რაც მოზრდილებთან: ტკივილი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურული რეაქცია, ტაქიკარდია, პირის სიმშრალე; თუმცა 5 წელზე პატარა ასაკის ბავშვებში დამახასიათებელია რიგი თავისებურებანი:

    მწვავე აპენდიციტის დროს ბავშვებში შეიმჩნევა მაჯისცემის სიხშირესა და ტემპერატურის მომატებას შორის ცნობილი შეფარდების დარღვევა, რაც მიუთითებს ანთებადი პროცესის პერიტონეუმზე ადრეულ გადასვლას და ზოგად ინტოქსიკაციას. გარდა ამისა, მწვავე აპენდიციტის კლინიკურ გამოვლინებას ახასიათებს მთელი რიგი თავისებურებანი, რაც გამოიხატება პირველ რიგში იმით, რომ კლინიკურ სურათში სჭარბობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ამ ასაკის ბევრი სხვა დაავადებებისთვის. თუ უფროსი ასაკის ბავშვებში წამყვანი ადგილი უჭირავს ჩივილს ტკივილზე მარჯვენა თეძოს ფოსოში, ადრეული ასაკის ბავშვებში პირდაპირი მითითება ტკივილზე არ აღინიშნება და ამ სიმპტომის არსებობაზე უნდა ვიფიქროთ მხოლოდ არაპირდაპირი ნიშნებით. მათ შორის, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, არის ბავშვის საქციელის (ხასიათის) შეცვლა, კერძოდ, მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი მოდუნებულია, ჭირვეულია, ცუდათ შემოდის კონტაქტში. ბავშვის ჭირვეულობა უკავშირდება ტკივილის მომატებას, რომელიც იწვევს ძილის დარღვევას და ა. შ.საკმაოდ მუდმივი სიმპტომია მრავალჯერადი (3–5 ჯერ) პირღებინება, რაც ამ ასაკის ბავშვებში აპენდიციტის კლინიკური მიმდინარეობის ერთ–ერთი თავისებურებაა. ტემპერატურის მომატება აღინიშნება თითქმის ყოველთვის, რომელიც, არა იშვიათად, მალევე აღწევს 39 გრადუსამდე. პატარებში აღნიშნულ სიმპტომთა მუდმივობაგანპირობებულია მოუმწიფებელი ცენტრალური ნერვული სისტემის რეაქციით ანთებადი პროცესის ლოკალიზაციაზე და ხარისხზე.

   რიგ შემთხვევებში, მწვავე აპენდიციტის დიფერენციული დიაგნოსტიკა ბავშვებში რთულია, განსაკუთრებით, ჭიაყელა დანამატის ატიპიური მდებარეობის დროს, რადგანაც, ამ შემთხვევაში, კლინიკური სურათი მრავალ სხვადასხვა სომატურ, ინფექციურ და ქირურგიულ დაავადებათა სიმულაციას იძლევა. დიფერენციული დიაგნოსტიკის გატარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ავადმყოფზე დაკვირვებას სტაციონარის პირობებში (2–6 საათი) და ყველა საჭირო გამოკვლევის ჩატარებას. ბავშვთა ქირურგის მიერ 3 წელზე უფრო პატარა ბავშვების გასინჯვა ბევრად ინფორმატიულია ბუნებრივი ან მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში. ჩვენების მიხედვით, საჭირო ხდება პედიატრის, ინფექციონისტის, ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. ასაკთან ერთად სადიფერენციაციო დაავადებათა ნუსხაც იცვლება. ჩვილ ბავშვებში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ტარდება ოტიტთან, ნაწლავის ინვაგინაციასთან, ბავშვთა ინფექციებთან, პნევმონიასთან (ფილტვების ანთება) და სხვა. მოზრდილ ასაკში დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ძირითადად, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან ტარდება. ამასთან, არის მთელი რიგი დაავადებები, მაგ: მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომელთაც ახასიათებთ მუცლის ტკივილი, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ორგანიზმის მთელ რიგ ანატომიურ–ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან.

  მწვავე აპენდიციტის დასადასტურებლად, მნიშვნელოვან ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკურ კვლევას წარმოადგენს მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა; ანთებადი აპენდიქსის ზომების დადგენა (დიამეტრი ნორმაში 6 მმ ზე ნაკლებია), თავისუფალი სითხის არსებობა. რთულ შემთხვევებში შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, თუმცა უპირატესობა ენიჭება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას დასხივების ფაქტორის გათვალისწინებით. 

  მოხუცებში, ორგანიზმის დაქვეითებული რეაქციის გამო, მწვავე აპენდიციტის კლინიკური სურათი წაშლილია, რაც დიაგნოსტირებასა და ჰოსპიტალიზაციას აგვიანებს. აქედან გამომდინარეობს დესტრუქციული აპენდიციტის პრევალირება და აპენდიკულური ინფილტრატების განვითარება. გარდა იმუნური რეაქციების დაქვეითებისა და ანთებითი პროცესების დუნედ მიმდინარეობისა, ასაკიან ადამიანებში დაქვეითებულია ტკივილის აღქმის ზღურბლიც. მწვავე აპენდიციტის მთავარი სიმპტომი, ტკივილი ნაკლებად მწვავედ ვლინდება. გარდა ამისა, ასაკიანი ადამიანები მას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და დასაწყისში, უბრალო მოწამვლას, ან რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადების გამწვავებას უკავშირებენ. სისხლძარღვთა გამოხატული ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო, ასაკიან ადამიანებში ხშირია აპენდიქსის არტერიის თრომბოზითა და ემბოლიით გამოწვეული, პირველადად განგრენული აპენდიციტების განვითარება, რამაც შეიძლება, უკვე პირველ 24 საათში მოგვცეს პერფორაცია და ჩირქოვან-განავლოვანი პერიტონიტის განვითარება. ხშირად ამგვარი მძიმე მიმდინარეობის აპენდიციტზე (ისევე როგორც ჩირქოვან პიელონეფრიტზე და სხვა მწვავე ჩირქოვან პათოლოგიებზე) მოხუცის ორგანიზმს ინტოქსიკაციით გამოწვეული ზოგადი სიმპტომები უფრო აქვს ხოლმე გამოხატული, მაგალითად: ძლიერი საერთო სისუსტე, მადისა და ხალისის დაკარგვა, ძილიანობა და სხვა.

  ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, ასაკიან ადამიანებთან, რომლებიც მუცლის ტკივილს უჩივიან, თუნდაც სხვა, დამახასიათებელი სიმპტომები სუსტად იყოს გამოხატული, საჭიროა უფრო სრულფასოვანი გამოკვლევა და სისხლისა და შარდის ანალიზის გარდა, მუცლის ღრუს მიმოხილვითი ექოსკოპია, ქირურგის კონსულტაცია; შეიძლება საჭირო გახდეს მუცლისა და გულმკერდის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია; თერაპევტისა და უროლოგის კონსულტაცია და ა.შ.

 

კლინიკური გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები (ქულათა სისტემები) აპენდიციტის დიაგნოსტიკაში: 

    დღეისათვის, აპენდიციტის დიაგნოსტიკისთვის არსებობს კლინიკური გადაწყვეტილების მიღების მრავალი ვალიდური (შემოწმებული და სანდო) ხელსაწყო. ასეთებია ალვარადოს, AIR და RIPASA ქულათა სისტემები. ხშირად იყენებენ ალვარადოს ქულას, რომელზეც ჩატარებულია ვალიდაციის ყველაზე მეტი კვლევა. კლინიკური პროგნოზული წესების ერთერთი სისტემური მიმოხილვის ფარგლებში AIR ქულათა სისტემას კარგი შედეგები ჰქონდა. RIPASA ქულათა სისტემა უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ალვარადოს ქულათა სისტემა და გააჩნია უკეთესი დიაგნოსტიკური შანსების თანაფარდობა, თუმცა მისი სპეციფიკურობა უფრო დაბალია.

ალვარადოს (MANTRELS) ქულა:

   ქულა დაფუძნებულია პაციენტების კლინიკურ მახასიათებლებზე. რაც უფრო მეტია ქულა (მაქსიმუმი - 10), მით მეტია მწვავე აპენდიციტის ალბათობა.

M: ტკივილის მიგრაცია მარჯვენა ქვედა კვადრანტში = 1 ქულა.

A: ანორექსია = 1 ქულა.

N: გულისრევა და ღებინება = 1 ქულა

T: მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში = 2 ქულა.

R: უკუცემითი ტკივილი = 1 ქულა.

E: მომატებული ტემპერატურა = 1 ქულა.

L: ლეიკოციტოზი = 2 ქულა.

S: ლეიკოციტური ფორმულის მარცხნივ გადახრა = 1 ქულა.


აპენდიციტის ანთებითი პასუხის (AIR) ქულა:

ღებინება = 1 ქულას.

ტკივილი მარჯვენა ქვედა კვადრანტში = 1 ქულას.

უკუცემითი ტკივილი: მსუბუქი = 1 ქულა; საშუალო = 2 ქულა; ძლიერი = 3 ქულა.

სხეულის ტემპერატურა ≥38.5 = 1 ქულა.

პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტები: 70% - 84% = 1 ქულა; ≥85% = 2 ქულა.

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა: 10.0 - 14.9 ×10⁹/ლ = 1 ქულა; ≥15.0 ×10⁹/ლ = 2 ქულა.

C რეაქტიული ცილის კოცენტრაცია: 10 მგ/ლ to 49 მგ/ლ = 1 ქულა; ≥50 = 2 ქულა.

(მაქსიმუმი 12 ქულა).

ჯამი 0-დან 4-მდე = დაბალ ალბათობას. საჭიროა ამბულატორიული პაციენტების შემდგომი მონიტორინგი, თუ ზოგადი მდგომარეობა უცვლელი რჩება.

ჯამი 5-დან 8-მდე = საშუალო ჯგუფი. საჭიროა აქტიური ჰოსპიტალური მონიტორინგი ქულათა ხელახალი დათვლით/რადიოლოგიური კვლევების ხელახალი ჩატარებით ან დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია, ადგილობრივი წესების გათვალისწინებით.

ჯამი 9-დან 12-მდე = მაღალ ალბათობას. რეკომენდებულია ქირურგიული გამოკვლევა.


RIPASA-ს ქულათა სისტემა მწვავე აპენდიციტისთვის:

   რაც უფრო მეტია ქულა (მაქსიმუმი- 16), მით მეტია მწვავე აპენდიციტის ალბათობა. ქულების ეს სისტემა შეიქმნა აზიელი მოსახლეობისთვის.

ქალი = 0.5 ქულა.

მამაკაცი: 1 ქულა.

ასაკი <39.9 წლები = 1 ქულა.

ასაკი > 40 წ = 0.5 ქულა.

ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში = 0.5 ქულა.

მიგრირებადი ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში = 0.5 ქულა.

უმადობა = 1 ქულა.

გულისრევა და ღებინება= 1 ქულა.

სიმპტომების ხანგრძლივობა <48 საათი = 1 ქულა.

სიმპტომების ხანგრძლივობა >48 საათი = 0.5 ქულა.

მტკივნეული მარჯვენა თეძოს ფოსო = 1 ქულა.

დაცვითი რეფლექსი (დეფანსი) = 2 ქულა.

უკუცემითი ტკივილი = 1 ქულა.

როვზინგის ნიშანი = 2 ქულა.

ცხელება = 1 ქულა.

მომატებული ლეიკოციტები = 1 ქულა.

უარყოფითი ანალიზი შარდში = 1 ქულა.

(მაქსიმუმი 16 ქულა). 

       აპენდიციტის მკურნალობა: როგორ მკურნალობენ აპენდიციტს? რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული ჩარევა? 

   ზოგადად, ქირურგიული დაავადებების უმრავლესობას, ორი სახის მკურნალობა აქვს: კონსერვატიული (მედიკამენტური) და ოპერაციული. იგივე პრინციპი ვრცელდება აპენდიციტის შემთხვევაშიც. ტრადიციულად, მწვავე აპენდიციტს მხოლოდ ოპერაციული ჩარევით - აპენდექტომიით მკურნალობდნენ, თუმცა, ბოლო წლებში, თანამედროვე მაღალეფექტური ანტიბიოტიკების გამოჩენამ და მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკისა და მის მიმდინარეობაზე დინამიკაში დაკვირვების შესაძლებლობების გაუმჯობესებამ საშუალება მოგვცა, ადრეულ ფაზაში აღმოჩენილი აპენდიციტის შემთხვევაში, (განსაკუთრებით ბავშვებში) კონსერვატიული მკურნალობაც (ანტიბიოტიკებით ქიმიოთერაპია) დაგვეწყო.

  ანტიბიოტიკებით მკურნალობა გამოიყენება აპენდიკულური ინფილტრატის ყველა შემთხვევაში და ინფილტრატის აბსცედირების დროსაც. მხოლოდ, აპენდიკულური აბსცესის დროს, წინასწარ, ექოსკოპიური ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლის ქვეშ, აბსცესის ღრუში დგამენ დრენაჟს. რთულ შემთხვევებში, შესაძლებელია დრენაჟის ღია ოპერაციული წესით ჩადგმაც. გარდა ამისა, კონსერვატიული მკურნალობა გამოიყენება ასაკიან ადამიანებში, რომელთაც მძიმე თანმხლები დაავადებების დეკომპენსაციის გამო, ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენები აქვთ. ამდენად, პაციენტთა კონკრეტულ ჯგუფებში, მწვავე აპენდიციტის კონსერვატიულ, ანტიბიოტიკო თერაპიას თანამედროვე მედიკამენტებითა და სპეციალური სქემებით შეიძლება უპირატესობებიც ჰქონდეს, თუმცა პაციენტებმა უნდა იცოდნენ, განკურნების შემთხვევაში, დაავადების განმეორების, რეციდივის მომატებული რისკის შესახებაც!

  მწვავე აპენდიციტის მიმდინარეობის ეტაპობრიობისა და კლინიკური გამოვლინებების თავისებურებათა მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ მწვავე აპენდიციტის გაურთულებელ და გართულებულ კლინიკურ ფორმებს.

  გაურთულებელი აპენდიციტის ქვეფორმები ძირითადად პათომორფოლოგიური კატეგორიებია, ესენია:

* კატარული აპენდიციტი;

* ფლეგმონური აპენდიციტი;

* განგრენული აპენდიციტი.

  გართულებული აპენდიციტის ქვეფორმებია:

* პერფორირებული აპენდიციტი ადგილობრივი (მუცლის ღრუს აბსცესი) ან გავრცელებული პერიტონიტით;

* აპენდიკულური ინფილტრატი.

  გაურთულებელი აპენდიციტის მართვის სტანდარტულ მიდგომად რჩება ოპერაციული ჩარევა. მწვავე აპენდიციტის დიაგნოზის დადგენისთანავე საჭიროა პაციენტებისთვის პერორარულად საკვების/სითხის მიღების აკრძალვა. უნდა დავიწყოთ ინტრავენური სითხეების, მაგ. ლაქტირებული რინგერის ხსნარის გადასხმა. სადავოა პროფილაქტიკური ინტრავენური ანტიბიოტიკების ოპერაციამდე გამოყენების საკითხი; თუმცა, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების, მაგ. ცეფოქსიტინის გამოყენება რეკომენდებულია გაურთულებელი აპენდიციტის დროს, ჭრილობის ინფიცირების რისკის შესამცირებლად. გადაუდებელი აპენდექტომია კვლავ უპირატესი სამკურნალო მეთოდია საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით და მისი შესრულება რეკომენდებულია უმრავლეს შემთხვევაში.

  გართულებები მწვავე აპენდიციტით დაავადებულ პაციენტთა 4-6%-ში გვხვდება და მოიცავს განგრენას, შემდგომ პერფორაციასა და გავრცელებულ პერიტონიტს ან მუცლის შიდა აბსცესს.

  აღნიშნული გართულებების საწყისი მართვა გულისხმობს პერორარულად საკვების/სითხის მიღების აკრძალვას და ინტრავენურ გადასხმას. შოკურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უნდა მიეცეთ ინტრავენური სითხის ბოლუსი, როგორიცაა რინგერის ლაქტატის ხსნარი, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური პულსი და არტერიული წნევა.

  ინტრავენური ანტიბიოტიკები (მაგ. ცეფოქსიტინი, ტიკარცილინი/კლავულანატი ან პიპერაცილინი/ტაზობაქტამი) უნდა დავიწყოთ დაუყოვნებლივ და გავაგრძელოთ ოპერაციის შემდეგაც, მანამ, სანამ ცხელება არ ალაგდება და ლეიკოციტოზი არ გამოსწორდება. უფრო მძიმე ინფექციების დროს, შეიძლება ცალკე აღებული პრეპარატის სახით კარბაპენემის გამოყენება. ანტიბიოტიკების კომბინაცია გამოიყენება ადგილობრივი მგრძნობელობისა და პროტოკოლების საფუძველზე.

  მწვავე პერიტონიტის მქონე პაციენტებში აპენდექტომია დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს! მარჯვენა ქვედა კვადრანტის აბსცესის მქონე პაციენტების მართვა კი, გულისხმობს ინტრავენურ ანტიბიოტიკებს და დრენაჟს ინტერვენციული რადიოლოგიით (კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით მიმდინარე დრენაჟი) ან ქირურგიულად. თუ ვლინდება კლინიკური გაუმჯობესება და ნიშნები და სიმპტომები სრულად ალაგდა, შეიძლება საჭირო არ გახდეს ინტერვალური აპენდექტომია.

   ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა. არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლაპაროსკოპიული აპენდექტომია შეიძლება პირველი რიგის მიდგომად ჩაითვალოს (კონსერვატულ მიდგომასთან შედარებით) მოზრდილებსა და ბავშვებში ჭია ნაწლავის ფლეგმონა/აბსცესის სამკურნალოდ; თუმცა, ერთერთი სისტემური მიმოხილვის მიხედვით ვერ მოიძებნა მტკიცებულებები ადრეული აპენდექტომიის (ლაპარასკოპიული ან ღია წესის) სარგებლის ან ზიანის შესახებ, კონსერვატიულ მკურნალობასთან შედარებით. ერთ-ერთი მცირე ზომის, 60 პაციენტზე ჩატარებული რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის (შემდგომში შეჩერებული) დაუგეგმავი შუალედური ანალიზის მიხედვით, >40 წლის ასაკის პაციენტებში პერიაპენდიციალური აბსცესის არსებობა შესაძლოა ზრდიდეს ჭია ნაწლავის სიმსივნის რისკს. სამომავლო კვლევებიდან დამატებითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობამდე, ასეთ პაციენტებში უპირატესობა უნდა მიენიჭოს რუტინულ აპენდექტომიას.

  რა არის აპენდექტომია? რა არის და როგორ კეთდება აპენდიციტის ოპერაცია? როგორ ხდება ჭიაყელა ნაწლავის ამოკვეთა? 

   აპენდექტომია არის აპენდიციტისგან ორგანიზმის სრული, რადიკალური განკურნების მიზნით, აპენდიქსის, როგორც ორგანოს, ქირუგიული ოპერაციის გზით, სრული მოცილება ორგანიზმიდან, მასში არსებულ პათოლოგიურ პროცესთან ერთად. თავის მხრივ, ქირურგიული ოპერაცია არის, დაავადების დიაგნოსიტირების ან მკურნალობის მიზნით ორგანიზმზე ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური ან უხშირესად, კომპლექსური მეთოდებით ზემოქმედება, რომელიც ფიზიკურად გამოვლინდება ორგანიზმის ქსოვილების გაკვეთა-განცალკევებასა და მათ შეერთებაში, აგრეთვე, ამ ორი მანიპულაციის სხვადასხვა კომბინაციაში.

   როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აპენდიქსი ერთი მხრივ ყრუდ დაბოლოებული და მეორე ბოლოთი ბრმა ნაწლავის გუმბათის არეში, მის სანათურთან დაკავშირებული, წვრილი, მილისებრი, სხვადახვა სიგრძის, დამოუკიდებელი ორგანოა (ეს ნიშნავს, რომ აპენდიქსს აქვს საკუთარი არტერია, ვენები, ინერვაცია და ლიმფური სისტემა). ამდენად, აპენდექტომია გულისხმობს: 1. ოპერაციულ არესთან მიდგომას, ანუ საოპერაციო ორგანოს ვიზუალიზებას, რისთვისაც, ღია წესით ოპერაციის დროს, გამოიყენება ე.წ. მაკ-ბერნის 3-7სმ. სიგრძის განაკვეთი, ხოლო ლაპაროსკოპიული აპენდექტომიის დროს, მუცლის ღრუში ჩადგმული 3 ტროაკარი (მილისებრი ინსტრუმენტი), მუცლის წინა კედელში გაკეთებული 3 ნახვრეტიდან. აღნიშნული ტროაკრებიდან ერთი (ჭიპის არეში) გამოიყენება მუცლის ღრუში ენდოსკოპიური კამერის შესაყვანად, ხოლო დარჩენილი ორი, სპეციალური, გრძელი ინსტრუმენტების შესაყვანად. 2. უშუალოდ ოპერაციულ ქმედებას, რა დროსაც ძაფით ან სპეციალური გადამჭერი ინსტრუმენტების, „კლიფსების" მეშვეობით ლიგირდება (გადაიკვანძება) აპენდიქსის ე.წ. „ჯორჯალი" სტრუქტურა, რომელშიც გადის აპენდიქსისკენ მიმავალი სისხლძარღვები, ნერვები და ლიმფური სადინრები. ამის შემდეგ, ჯორჯალი მოიკვეთება და აპენდიქსი თავისუფლდება მისგან და დაკავშირებული რჩება ფუძით ბრმა ნაწლავის გუმბათთან. იმის გამო, რომ ბრმა ნაწლავის შიგთავსში (განავლოვან მასებში) ძალიან დიდი რაოდენობით პათოგენური და პირობითპათოგენური ბაქტერიები და სხვა მიკრობები ცხოვრობენ, აპენდიქსის ფუძის გადაკვეთამდე, ბრმა ნაწლავის სანათურის საიმედო ჰერმეტულობის უზრუნველყოფის მიზნით, აპენდიქსს მოქაჩავენ და მის ფუძეს ორმაგად კვანძავენ ან ორ კლიფსს ადებენ, რის შემდეგაც აპენდიქსს ლიგატურების (ან კლიფსების) აქეთ მოკვეთენ. ტრადიციულად, დამატებით ახდენდნენ ბრმა ნაწლავის სანათურის ჰერმეტიზებას და აპენდიქსის ლიგირებულ ტაკვს, ბრმა ნაწლავის გუმბათზე დადებული ე.წ. „ქისისებრი" და Z-სებრი ნაკერებით ჩაყურსავდნენ ბრმა ნაწლავის კედელში. დღეისათვის ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც ჩატარებულმა კვლევებმა მისი საჭიროება არ აჩვენა. მოკვეთილი აპენდიქსი იგზავნება პათომორფოლოგიურ გამოკვლევაზე. ოპერაციული ჭრილობა იკერება ძაფით, კვანძოვანი, ან უწყვეტი ნაკერებით. გაურთულებელ შემთხვევაში, მუცელი ყრუდ იხურება. თუ აპენდიქსმა პერფორაცია განიცადა – მისი მთლიანობა დაირღვა – და განვითარდა ჩირქოვანი ადგილობრივი ან გავრცელებული პერიტონიტი, ტარდება მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება. დრენირების ჩვენებაა არადამაჯერებელი ჰემოსტაზიც (სისხლდენის შეჩერება). 

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპენდიციტის ოპერაციული მკურნალობის, აპენდექტომიის შესრულების ორი მეთოდი არსებობს: ტრადიციული ღია წესით (განაკვეთით მიდგომით) და ლაპაროსკოპიული მეთოდით (ენდოვიდეოკამერით ვიზუალიზებით). მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში, პროცედურათა უმრავლესობა, ამჟამად ტარდება ლაპაროსკოპიულად. მოზრდილებში აპენდექტომიის ტიპის შერჩევა დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებაზე. კვლევებით ნაჩვენებია, რომ ლაპარასკოპულ აპენდექტომიას, ღია აპენდექტომიასთან შედარებით, უკეთესი კოსმეტიკური შედეგები, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი და ჭრილობის ინფექციის ნაკლები რისკი ახასიათებს. ლაპაროსკოპიული აპენდექტომია რეკომენდებულია როგორც გაურთულებელი აპენდიციტის, ასევე გართულებული და პერფორირებული აპენდიციტის დროსაც. იგი ითვლება ყველაზე უსაფრთხო მიდგომად ჭარბწონიან პაციენტებშიც. ბავშვებში ლაპარასკოპული აპენდექტომია, ღია წესთან შედარებით, ამცირებს პოსტოპერაციული გართულებების ინციდენტობას, მათ შორის ჭრილობის ინფიცირების რისკს და ჯამში ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას.

   მწვავე აპენდიციტის მკურნალობის ერთ-ერთ თანამედროვე ალგორითმს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-პორტალზე: https://bestpractice.bmj.com/topics/ka-ge/290/treatment-algorithm

   აქვე ვხვდებით ინფორმაციას აპენდიციტის თანამედროვე, შესაძლო ალტერნატიული, ანტიბიოტიკო თერაპიის შესახებ:

ერავაციკლინი

  ერავაციკლინი ტეტრაციკლინების ჯგუფის თანამედროვე ანტიბიოტიკია. ერთერთი კლინიკური კვლევის მიხედვით, იგი სულ მცირე ისეთივე ეფექტურია, როგორც ერტაპენემი გართულებული ინტრააბდომინური ინფექციების (cIAIs) დროს.[91] ერავაციკლინს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული როლი გართულებული აპენდიციტის მკურნალობაში. აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ, ასევე ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ ერავაციკლინი ((Xerava, Tetraphase Pharmaceuticals) დაამტკიცა ზრდასრულებში cIAIs სამკურნალოდ.

მეროპენემ / ვაბორბაქტამი

  მეროპენემი/ვაბორბაქტამი არის კარბაპენემისა და ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინაცია, რომელმაც გამოამჟღავნა კლინიკური განკურნების მაღალი მაჩვენებელი საუკეთესო ხელმისაწვდომ თერაპიებთან შედარებით, კარბაპენემის მიმართ რეზისტენტული Enterobacteriaceae-ს და სხვა ინფექციების სამკურნალოდ.[92] ევროპის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ადამიანებში სამედიცინო პროდუქტების გამოყენების კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია მეროპენემი/ვაბორბაქტამის ავტორიზაციის მინიჭებას ინფექციის რამდენიმე ტიპის, მათ შორის cIAIs-ს სამკურნალოდ. მეროპენემი/ვაბორბაქტამი დამტკიცებულაი სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ გართულებული საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ ზრდასრულებში.

იმიპენემი/ცილასტასტინი/რელებაქტამი

  იმიპენემი/ცილასტატინი/რელებაქტამი არის სამმაგი კომბინაცია, რომელიც შეიცავს იმიპენემ-ცილასტატინს (უწინ სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ანტიბიოტიკს) და ახალი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორს - რელებაქტამს. სურსათისა და წამლის სააგენტომ გასცა ავტორიზაცია ამ კომბინაციის გამოსაყენებლად იმ ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომელსაც აღენიშნებათ გართულებული საშარდე გზების ინფექციები და cIAIs. 

მწვავე აპენდიციტის დროს, თუ არ მოხდება აპენდიქსის დროულად მოშორება, რა საშიშროებაა მოსალოდნელი? რამდენად საშიში დაავადებაა აპენდიციტი? რა მოხდება, თუ დავაგვიანეთ?

   ასეთ შემთხვევებში დიდია გართულებების განვითარების ალბათობა, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პროგრესირებადი ანთების 12 ან მეტსაათიანი პერიოდის შემდეგ. აღნიშნული გართულებები კლინიკურად ვლინდება მუცლის უფრო ძლიერი ტკივილით, მაღალი ცხელებით (>38.3°C [101°F]), ლოკალიზებული მტკივნეულობით და ნაწლავური ხმიანობის დაქვეითებით და ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს აპენდექტომია ღია ან ლაპაროსკოპიული მეთოდით.

  მწვავე აპენდიციტის გართულებებია:

  • მწვავე გენერალიზებული პერიტონიტი
  • აპენდიკულური ინფილტრატი აბსცესის გარეშე
  • აპენდიკულური აბსცესი ან აბსცედირებული ინფილტრატი
  • კარის ვენის სეპტიკური თრომბოფლებიტი (პილეფლებიტი).

  ყველა ჩამოთვლილი გართულება ცალკე პათოლოგიაა და მათი სრული აღწერა და მკურნალობის მეთოდები იმდენად მოცულობითი თემაა, რომ ამ სტატიის ფორმატი არ ეყოფა. აქ მხოლოდ მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რა არის, რამდენად სერიოზულია გართულება და როგორ მკურნალბენ:

  მწვავე გენერალიზებული, აპენდიკულური პერიტონიტი - როგორც წესი, იწვევს განგრენულ-დესტრუქციული აპენდიციტი, დიდი ზომის და ფუძესთან ახლოს მდებარე პერფორაციული ხვრელით. კლინიკურად ვლინდება მწვავე მუცლის სურათით (მაღალი ტემპერატურა, მუცლის დიფუზური ტკივილი, გენერალიზებული მტკივნეულობა და ნაწლავური ხმიანობის არარსებობა). თუ ეჭვია მწვავე აპენდიციტზე, შესაძლებელია პირდაპირ აპენდექტომიის ჩატარება. თუ დიაგნოზი ეჭვქვეშაა, უნდა გაკეთდეს მიმოხილვითი ლაპაროტომია შუა ხაზზე განაკვეთით. საჭიროა ანთებითი ჭიანაწლავის ამოღება (თუ მიმდინარეობს ანთება). მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება. ფართო სპექტრის (შემდგომში ანტიბიოტიკოგრამის ადექვატური) ანტიბიოტიკოთერაპია. კომპლექსური, სიმპტომური მკურნალობა.

   აპენდიკულური ინფილტრატი აბსცესის გარეშე - კლინიკურად ვლინდება მტკივნეული წარმონაქმნის სახით მარჯვენა ქვედა კვადრანტში. დიაგნოზს ადასტურებს ულტრაბგერითი და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა. თუ პაციენტი სხვამხრივ კარგად გრძნობს თავს, თავდაპირველი მართვა მოიცავს ინტრავენურ გადასხმას და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. თუ ვლინდება კლინიკური გაუმჯობესება და ნიშნები და სიმპტომები სრულად აღმოიფხვრება, საჭირო არ არის ინტერვალური აპენდექტომია. ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა. ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა სიმსივნური პროცესების, კერძოდ, კარცინომის გამორიცხვა.

  აპენდიკულური გენეზის აბსცესი - კლინიკურად ვლინდება ჰექტიური ტემპერატურით, შემცივნებით. ელასტიური, მომრგვალო წარმონაქმნის პალპირებით მუცლის ღრუში. მაღალი ლეიკოციტოზით სისხლში. დიაგნოზს ადასტურებს ექოსკოპიური და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა. პირველ ეტაპზე საკმარისია რადიოლოგიური კონტროლით აბსცესის ღრუში კანგავლითი დრენაჟის ჩადგმა, მისი დრენირება და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია. რთულ შემთხვევებში, აბსცესის ქირურგიული დრენირება. ინტერვალური აპენდექტომია ტარდება 6 კვირაში იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები სრულად არ აღმოიფხვრა. არსებობს რამოდენიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოზრდილებში ჭია ნაწლავის აბსცესის სამკურნალოდ, ლაპარასკოპული აპენდექტომია შეიძლება პირველი რიგის მიდგომად ჩაითვალოს (კონსერვატულ მიდგომასთან შედარებით). თუმცა, ერთერთი სისტემური მიმოხილვის მიხედვით ვერ მოიძებნა მტკიცებულებები ადრეული აპენდექტომიის (ლაპარასკოპიული ან ღია წესის) სარგებლის ან ზიანის შესახებ კონსერვატიულ მკურნალობასთან შედარებით.

   პილეფლებიტი - წარმოადგენს ანთებითი ჭიანაწლავიდან ინფექციის ვენური გზით, სისხლით კარის ვენის სისტემაში გავრცელების შედეგს და კარის ვენის სისტემის სეპტიური, ჩირქოვანი ანთებითი პროცესის განვითარებას. უმძიმესი გართულებაა სერიოზული პროგნოზით. საბედნიეროდ, მწვავე აპენდიციტის თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალებათა განვითარების შედეგად, მწვავე აპენდიციტის პილეფლებიტით გართულების სიხშირემ იკლო. დიაგნოსტირება ხდება კლინიკური მონაცემების, ულტრაბგერითი და კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების შეჯერების საფუძველზე. მკურნალობა კომპლექსურია, წამყვანია თანამედროვე, ბოლო თაობის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება. 

როგორია ოპერაციის შემდგომი დიეტა? საჭიროა მედიკამენტების მიღება? 

 

     ოპერაციის დღეს, გულისრევისა და ღებინების არარსებობის შემთხვევაში, დაშვებულია წყლისა და თხიერი საკვები ნივთიერებების მიღება; ხოლო მეორე დღიდან პაციენტი კუჭ-ნაწლავის დამზოგველ (არ არის რეკომენდებული მხოლოდ უხეში, მწარე, მჟავე საკვები და გაზირებული სასმელები) კვებაზე გადადის, რომელიც 1-2 კვირას გრძლედება. როგორც წესი, პაციენტებს 1 კვირით ასვენებენ სკოლიდან ან სამსახურიდან. აქტივობის შემდეგი დონე ან სამსახურში დაბრუნების საკითხი უნდა განისაზღვროს განმეორებითი ვიზიტის დროს. გაურთულებელი აპენდიციტის ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ ავადმყოფი რამოდენიმე საათში ფეხზე დგება და პაციენტებს კლინიკიდან პირველივე დღეს გაწერენ. 

    გართულებული აპენდიციტის შემთხვევაში, მკურნალობაზე პასუხის გათვალისწინებით, ჰოსპიტალიზაცია შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს. ზოგიერთ ქვეყანაში პაციენტებს პოსტოპერაციულად აკვირდებიან აპენდიციტის ტიპის მიუხედავად (გართულებული და გაურთულებელი); მაგ. გაწერიდან 1 კვირის განმავლობაში იგეგმება განმეორებითი ვიზიტები. ნაკერებს დაახლოებით გაწერიდან მეშვიდე-მეათე დღეს მოხსნიან. გაურთულებელი აპენდიციტის შემთხვევაში ანტიბიოტიკებს მხოლოდ გართულებათა პრევენციის მიზნით უნიშნავენ. თუ საქმე უფრო სერიოზულადაა (მაგალითად, პერიტონიტის დროს), სისხლის საერთო ანალიზის მოწესრიგებამდე ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების კომბინაცია.

  აპენდექტომიის ოპერაციის გართულებები? შორეული შედეგები?

   მიუხედავად იმისა, რომ აპენდექტომია ერთ-ერთ ყველაზე მარტივ ქირურგიულ ოპერაციად ითვლება, გართულებების რისკი მასაც ახლავს თან. მოსალოდნელი გართულებებია პერიტონიტი - ტაკვის უკმარისობის გამო; ნაწლავთაშორისი, მცირე მენჯის, ღვიძლქვეშა და სუბდიაფრაგმული აბსცესი; სისხლდენა ჭრილობიდან ან მუცლის ღრუში, ლიგატურის მოვარდნის გამო; ოპერაციის შემდგომი, ნაწლავთა ადრეული და მოგვიანებითი მწვავე გაუვალობა, ჭრილობისმიერი გართულება (დაჩირქება, ლიგატურული ფისტულა, ინფილტრატი). გართულებები, ზოგადად, არ არის ხშირი, თუმცა გართულებული აპენდიციტის შემდეგ, მათი ალბათობა იმატებს. ამიტომაა მეტად მნიშვნელოვანი მწვავე აპენდიციტის დიაგნოზის დროული დასმა და ოპერატიული მკურნალობა. ასეთი მიდგომა თავიდან გვაცილებს ზედმეტ გამოკვლევას, ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და აიშვიათებს არაჩვენებისამებრ, შეცდომით ჩატარებული აპენდექტომიების რიცხვს, რომლებიც ქართული და არამხოლოდ ქართული მედიცინის ესოდენ აქტუალური პრობლემაა. 

შესაძლებელია აპენდიციტის პროფილაქტიკა? 

     აპენდიციტის პროფილაქტიკის (თავიდან აცილების) სპეციფიური ღონისძიებები დამუშავებული არ არის, თუმცა საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია:

  • კუჭ-ნაწლავის დაავადებების და ყაბზობის დროული მკურნალობა;
  • მზესუმზირის, ყურძნის წიპწებიანად მიღების და სხვა უხეში ქერქის მქონე ხილის საკვებად მიღების გამორიცხვა;
  • საკვებში მცენარეული ბოჭკოს შემცველი პროდუქტების გამოყენება (ბოსტნეული, ხილი, ფაფები);
  • ზედმეტი ჭამისა და გადაძღომისთვის თავის არიდება.
კითხვის გაგრძელება
  916 ნახვა

კლინიკური სიმპტომები პანკრეატიტის დროს

  • ვოსკრესენსკის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო სიმპტომია: მუცლის აორტის პულსაციის გაქრობა ეპიგასტრიუმის მიდამოში.

  • გუბერგრიცის სიმპტომი:

კუჭქვეშა ჯირკვლის კუდის ანთების ნიშანია: მტკივნეულობაა, რომელიც ჭიპიდან 6სმ-ით ზემოთ, ჭიპისა და მარცხენა იღლიის ფოსოს შემაერთებელი ხაზის გასწვრივ, მდებარე წერტილზე ზეწოლის დროს აღიძვრება.

  • დეჟარდენის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომია: მტკივნეული წერტილებია ჭიპიდან 10 სმ-ით ზემოთ, მარჯვენა სწორი კუნთის გასწვრივ.

  • ჯანელიძის სიმპტომი:

ეპიგასტრიუმის მიდამოში პალპატორული ჩაღრმავების(ღრმა პალპაციაზე გადასვლის) დროს, თუ ტკივილის ინტენსივობა მცირდება, ეს მიოკარდიუმის ინფარქტზე მანიშნებელია, ხოლო თუ ტკივილი ძლიერდება - ეს პანკრეატიტის არსებობაზე მიგვანიშნებს.

  • ზახარინ-ჰედის ზონები:

დამახასიათებელია პანკრეატიტისათვის: კანის ჰიპერესთეზიის ზონებია ზურგში, გულმკერდის VIII-IX მალების დონეზე.

  • მახოვის სიმპტომი:

გამოავლენენ მწვავე პანკრეატიტის დროს: ჰიპერესთეზიის ზონაა ჭიპს ზემოთ.

  • ონისკივის სიმპტომი:

დაიკვირვება მწვავე პანკრეატიტის დროს: მარცხენა წვივის ქვედა მესამედის წინა-შიგნითა ზედაპირზე ზეწოლის დროს მკვეთრად ძლიერდება ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

  • პჩელინოის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის რენტგენოლოგიური ნიშანია: ქრება მარცხენა წელის კუნთების რენტგენოლოგიური კონტურის სიმკვეთრე - კუჭქვეშა ჯირკვლიდან შეშუპების რეტროპერიტონეულ შემაერთებელ ქსოვილში გავრცელების შედეგად.

  • რაზდოლსკის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის დროს - მტკივნეულობაა კუჭქვეშა ჯირკვლის პროექციაზე პერკუსიის წარმოებისას.

  • ტუჟილინის სიმპტომი: „წითელი წვეთების" სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: მკვეთრი მოწითალო ლაქები (წვრილი სისხლძარღვების ანევრიზმები) მუცლის, მკერდისა და ზურგის კანზე.

  • ჩუხრიენკოს სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: ტკივილია, აღმოცენებული მუცლის წინა კედელზე ბიძგისებური ზეწოლისას, რომელსაც აწარმოებენ ქვემოდან ზემოთ და წინიდან უკან ხელისგულით, რომელიც მოთავსებულია მუცელზე განივად - ჭიპს ქვემოთ და ოდნავ მარცხნივ.

  • ბალსერის სიმპტომი:

სინონიმებია: ბალსერის ნეკროზი; კუჭქვეშა ჯირკვლის ცხიმოვანი ნეკროზი:

დაიკვირვება მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტის ან ჯირკვლის ჭრილობის დროს: ნეკროზის კერები კუჭქვეშა ჯირკვლის ცხიმოვან ქსოვილში, რეტროპერიტონეულ ცხიმოვან ქსოვილში, ბადექონში და კანქვეშა ცხიმში - ითვლება ლიპაზების აქტივაციისა და ცხიმოვანი ქსოვილის აუტოლიზის შედეგად. ნეკროზულ კერებში ცხიმოვან მჟავებსა და კალციუმის მარილებს პოულობენ.

  • კულენის სიმპტომი:

დაიკვირვება პაციენტებში მწვავე პანკრიატიტით: მოყვითალო-ციანოზური შეფერილობაა ჭიპის არეში.

  • დევისის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: პეტექიები დუნდულების არეში.

  • ფიტცის სინდრომი:

სინონიმი: მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტი:

გამოვლინდება მწვავე, მოვლითი ტკივილებით ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც ირადირებს ზურგში; მუცლის ზედა ნახევრის შებერვით; გულისრევით, ღებინებით, ცხელებით. შესაძლებელია გლუკოზურია, ჰიპოგლიკემია, ბილირუბინემია. დიაგნოზს ადასტურებს ამილაზის მომატებული შემცველობა სისხლის პლაზმაში და დიასტაზას დონის მომატება შარდში.

  • გობიეს სიმპტომი:

გამოლინდება რენტგენოლოგიურად, მწვავე პანკრეატიტით დაავადებულებში: რეფლექსური პარეზი და მსხვილი ნაწლავის შებერვა, განსაკუთრებით, განივი კოლინჯის მონაკვეთის. ამასთან, კლოიბერის ფიალები არ ვლინდება!

  • გროტის სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის ნიშანია: კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფიული „ქამრის" არსებობაა კუჭქვეშა ჯირკვლის მდებარეობის შესაბამის დონეზე.

  • გრეი-ტურნერის სიმპტომი:

დაიკვირვება მწვავე პანკრეატიტის დროს: მუცლის კანის ციანოზი.

  • გრიუნვალდის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: ეკქიმოზები და პეტექიებია ჭიპის ირგვლივ, დუნდულების მიდამოში - პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანების შედეგია.

  • ჰოლსტედის სიმპტომი, გრეი-ტურნერის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: სხეულის პერიფერიულ ნაწილებში კანის სუსტად მოლურჯო ან მარმარილოსებრი შეფერილობა (კაპილარების ტოქსიური დაზიანების შედეგი).

  • ჰერფორდ-ლეტოშნიკის სიმპტომი:

გამოავლენენ მწვავე პანკრეატიტის დროს: ნეიტროფილური ლეიკოციტოზი სისხლში აბსოლუტურ ლიმფოპენიასთან ერთად.

  • ჯონსტონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომია: ჭიპის მოყვითალო-მოლურჯო შეფერვა.

  • კაჩის სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის ნიშანია: კანის ჰიპერესთეზიაა გულმკერდის მე-7 სეგმენტის ინერვაციის ზონებში, მარცხნივ.

  • კორტეს სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მტკივნეულობისა და მუცლის კედლის რეზისტენტობის არსებობაა ქამრისებურად - კუჭქვეშა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის პროექციაზე - ჭიპიდან 6-7 სმ.-ით მაღლა!

  • ლაგერლოფის სიმპტომი:

სახის ციანოზია მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

  • მეიო-რობსონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომი: ტკივილი მარცხენა ნეკნ-ხერხემლის კუთხეში პალპაციისას.

  • მეიო-რობსონის წერტილი:

გამოავლენენ პანკრეატიტის დროს, მტკივნეულობით ჭიპისა და მარცხენა ნეკნთა რკალის შუა წერტილის შემაერთებელი ხაზის გარეთა და შუა მესამედების საზღვარზე.

  • მონდორის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: იისფერი ლაქების არსებობაა სახისა და სხეულის კანზე.

  • ნიდნერის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მუცლის მთლიანი ხელისგულით პალპაციისას, კარგად შეიგრძნობა აორტის პულსაცია მარცხენა ფერდქვეშა არეში.

  • პოპელის სიმპტომი:

დაიკვირვება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს: კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევისას გამოვლენილი 12 გ/ნ-ის დიდი დვრილის შეშუპება!

  • პრეიონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მტკივნეული წერტილების არსებობაა ჭიპიდან ორი თითის სიგანით ზემოთ და ერთი თითის სიგანით მარცხნივ.

  • ტობიას სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ირიბი (არაპირდაპირი) რენტგენოლოგიური ნიშანია: განივი კოლინჯის შებერილობა და წელის მარცხენა კუნთების კონტურის „გადღაბნილობა"!

სინდრომები:

  • ედელმანის სინდრომი - პანკრეოჰეპატიკური სინდრომი:

ქრონიკული პანკრეატიტის შერწყმაა კანის, ნევროლოგიურ და ფსიქიკურ სიმპტომებთან: ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები, კახექსია, კანის ატროფია, დიფუზური მოყავისფრო პიგმენტაცია, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, პეტექიური სისხლჩაქცევები, თვალის კუნთების დამბლა, ვესტიბულური დარღვევები; ხშირად პოლინევრიტები. ხშირია ფსიქიკის სხვადასხვაგვარი მოშლილობებიც.

  • ვესტფალ-ბერნჰარდის სინდრომი:

სიმპტომთა ტრიადაა, რომელიც დამახასიათებელია ფატერის დვრილის პირველადი, მასტენოზირებელი ანთებისთვის: მორეციდივე ცხელებები, ნაღვლის კოლიკები და გარდამავალი სიყვითლე. რენტგენოლოგიურად - ნაღვლის ქვები არ ვლინდება; საბოლოოდ დიაგნოზი მხოლოდ ოპერაციის დროს დასტურდება - შემდგომში ვითარდება ღვიძლის ქოლესტატიური ციროზი.



ანკრეასის დაავადებები

პანკრეასი

მწვავე პანკრეატიტი

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  951 ნახვა

ქოლეცისტიტთან ასოცირებული სინდრომები

  • ბარ-პიკის სინდრომი; კურვუაზიე-ტერიერის სინდრომი:

სიმპტომოკომპლექსია, რომელიც ვითარდება სანაღვლე სადინრებზე გადიდებული კუჭქვეშა ჯირკვლის ზეწოლის გამო: პანკრეასის სიმსივნის ჩვეული სიმპტომებია - ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გადიდება, რაც, ჩვეულებრივ, კარგად ისინჯება. ქრონიკული, პროგრესირებადი, ობსტრუქციული (ღვიძლშემდგომი) სიყვითლე, აქოლია; მოგვიანებით სტადიებში კი - კახექსიაც.

  • ფიც-ჰიუს სინდრომი:

სინონიმები: სტოიანოს ფერდქვეშა სინდრომი; მუცლის ზედა ნახევრის გონოკოკური პერიტონიტი; ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომი:

სინდრომს შეუძლია მწვავე ქოლეცისტიტის სიმულირება: ტკივილია მუცლის ზედა ნახევარში, მარჯვნივ; გულისრევა, ღებინება, სიცხე, შემცივნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი. ემართებათ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც მენჯის ორგანოების გონოკოკური ანთება აქვთ!

  • მირიცის სინდრომი:

მირიცის დაავადება; ღვიძლის სადინრის სტენოზი:

ნაღვლის საერთო სადინრის სხვადასხვა ეტიოლოგიის (სპაზმი, ანთება, სიმსივნე, კენჭები) დახშობის კლინიკური სურათის საერთო სახელწოდებაა: განუსაზღვრელი ლოკალობის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ჰიპერბილირუბინემია; ხშირად ისინჯება ხოლმე გადიდებული და მტკივნეული ნაღვლის ბუშტიც; ხშირად - მწვავე მუცლის კლინიკაც აღინიშნება ხოლმე.

  • ოსლერის სინდრომი:

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებით ავადმყოფებში - გარდამავალი სიყვითლე, შემცივნებითა და შეჟრჟოლებით.

  • ვილლიარის სინდრომი; ვილლიარის ტრიადა:

დამახასიათებელია ქოლედოქოლითიაზისათვის: კოლიკაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სიცხე და სიყვითლე.

  • ვალტერ-ბომანის სინდრომი:

ვითარდება ქოლეცისტექტომიის ან ქოლეცისტოდუოდენოსტომიის შემდეგ: ხასიათდება ტაქიკარდიით, ჰიპოთერმიით, მოხრჩობით, კანის საფარველის სიფერმკრთალით. შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც. 

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  823 ნახვა

კლინიკური სიმპტომები ქოლეცისტიტის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს

მწვავე ფლეგმონური ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა - უზარმაზარი ზომის (22x7სმ) დაჭიმული, მკვეთრად გასქელებულ კედლებიანი, ჩირქით სავსე, ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი. 



ოლეცისტიტი


ქოლეცისტოპანკრეატიტი


ნაღვლის კენჭების პათოგენეზი

  • Ø აიზენბერგის სიმპტომი:

ტკივილის ირადიაცია ნაღვლის ბუშტის არეში, მარჯვენა ბეჭზე კუთხით მიმართული დაკაკუნების დროს. დაიკვირვება ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

  • Ø ბერეზნეგოვსკი-ელეკერის სიმპტომი:

მწვავე ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილების ირადიაცია მარჯვენა წინამხარში.

  • Ø ბოტკინის სიმპტომი: სინონიმი: ქოლეცისტო-კორონარული სინდრომი

კარდიალგიაა, რომელიც დაიკვირვება ქოლეცისტიტის დროს. გამოვლინდება ჩხვლეტითი, მოჭერითი ტკივილით გულის, მარცხენა ბეჭისა და მარცხენა მხრის არეში, რომელიც ირადირებს მუცლის ზედა ნახევრიდან. ხშირად წინ უსწრებს ხოლმე ნაღვლ-კენჭოვან კოლიკას ან თანხვდება მას. შესაძლებელია ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების არსებობაც!

  • Ø ვოლსკის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: მტკვინეულობაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ხელისგულის ნეკნით ირიბი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ მსუბუქი დარტყმის დროს!

  • Ø ზახარინის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ზეწოლისა ან დაკაკუნების დროს.

  • Ø კარავაევ-სპექტორის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ჭიპის ასიმეტრიაა - მისი ცდომა მარჯვნივ და ზემოთ - მუცლის მარჯვენა ნახევრის კუნთთა კონტრაქტურის გამო.

  • Øკარავანოვის სიმპტომი: სინონიმი: ხველითი ბიძგის სიმპტომი

გამოავლენენ მწვავე ქოლეცისტიტის დროს: მარჯვენა ხელის თითებით ფრთხილი, ნელი მოძრაობით ჩააჭერენ ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში (მუცლის სწორი კუნთის გარეთა კიდიდან გარეთ, ნეკნთა რკალის ქვეშ). აღმოცენებული ტკივილი თანდათანობით წყნარდება (თითებს არ აშორებენ), რის შემდეგაც ავადმყოფს სთხოვენ, რომ ჩაახველოს. რის შედეგადაც მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღმოცენდება მკვეთრი ტკივილი, რაც აიძულებს პაციენტს რეფლექსურად„გამოაცალოს" სხეული ექიმის ხელს.

  • Ø ლიდსკის სიმპტომი:

ქრონიკული ქოლეცისტიტის ნიშანია: მსუბუქი პალპაციისას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განისაზღვრება მარცხენა ფერდქვეშა მიდამოსთან შედარებით დაქვეითებული წინააღმდეგობის უნარიანობა.

  • Ø ლიახოვიცკის სიმპტომი: მახვილისებრი მორჩის ფენომენი

ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების შესაძლო ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მახვილისებრი მორჩის მარჯვენა კიდეზე უმნიშვნელო ზეწოლისა და მისი ზემოთ გადანაცვლების მცდელობისას.

  • Ø ობრაზცოვის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება ღრმა პალპაციისას ჩასუნთქვის დროს.

  • Ø სკვირსკის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილების აღმოცენებაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში თითების ნეკნებით ხერხემლის მარჯვნივ, გულმკერდის IX-XI ნეკნების დონეზე პერკუსიისას.

  • Ø ფიოდოროვის სიმპტომი:

ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრების დახშობის ნიშანია: სიყვითლის გამოვლინებაა ბუნებრივად შეფერილიგანავლოვანი მასების პირობებში (დაავადების დასაწყისში).

  • Øაშოფის სიმპტომი: აშოფის ნაღვლის ბუშტი

„გაჩერებული" (შეგუბებული) ნაღვლის ბუშტი, რომელიც გამოვლინდება ნაღვლ-კენჭოვანი კოლიკით, გულისრევით, ღებინებით. დაიკვირვება ნაღვლდენის დაბრკოლების არსებობისას.

  • Ø ბოას სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ჰიპერესთეზიის უბანია წელის მიდამოში. მტკივნეულობაა, რომელიც გამოვლინდება წელის არეში, გულმკერდის VIII-X მალების დონეზე, მარჯვნივ თითებით ზეწოლის დროს.

  • Ø კადენას სიმპტომი:

იყენებენ ნაწლავის ინვაგინაციისა და აპენდიციტის დიფერენციაციისთვის: ხშირი ტენეზმები და თხევადი განავლოვანი მასები მოზრდილებში დამახასიათებელია ნაწლავთა ინვაგინაციისათვის.

  • Ø კურვუაზიეს სიმპტომი:

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობის შესაძლო ნიშანია: მექანიკური სიყვითლის მქონე პაციენტებთან ძლიერ გადიდებული ნაღვლის ბუშტის არსებობა.

  • Øშოფარას სიმპტომი: შოფარას ზონა

დაიკვირვება ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს: მტკივნეულობაა შოფარას ზონაში. მას განსაზღვრავენ მუცლის კედლის ზედა მარჯვენა კვადრანტის იმ კუთხის ბისექტრისით გაყოფით, რომელიც წარმოიქმნება ჭიპზე გამავალი ორი, ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების გადაკვეთის შედეგად, რომელთაგან ერთ-ერთიც სხეულის შუა ხაზია.

  • Ø იონაშის სიმპტომი:

ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების ნიშანია: მტკივნეულობაა კეფის მიდამოში ზეწოლისას, ტრაპეციული კუნთების მიმაგრების ადგილას, იქ, სადაც კეფის ნერვი გადის.

  • Ø კერის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს პალპაციის დროს შესუნთქვისას.(კერის წერტილი: - წერტილია, რომელიც მდებარეობს მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდისა და ნეკნთა რკალის გადაკვეთის წერტილში. შეესაბამება ნაღვლის ბუშტის პროექციას და მტკივნეულია მისი დაავადებების დროს).

  • Ø მილცერ-ლაიონის სიმპტომი:

დაიკვირვება ჰეპატოქოლეცისტიტის დროს: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

  • Ø მერფის სიმპტომი:

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების ნიშანია: თანაბრად ჩააჭერენ მარჯვენა ხელის დიდ (ცერა) თითს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში და პაციენტს სთავაზობენ ღრმად ჩასუნთქვას; ამ დროს მას ერთგვარადუწყდება დაწყებული ჩასუნთქვა ძლიერი ტკივილის აღმოცენების გამო.

  • Ø მიუსის სიმპტომი:

ნაღვლის ბუშტის დაზიანების (უხშირესად ქოლეცისტიტის) ნიშანია: მტკივნეულობაა მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის ზეწოლისას.

  • Ø ორტნერის სიმტომი:

ღვიძლისა და ნაღვლგამომტანი გზების დაავადებების ნიშანია: მარჯვენა ნეკნთა რკალზე ხელისგულის კიდით დაკაკუნება ტკივილს იწვევს!

  • Ø რიდელის სიმპტომი:

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებით დაავადებულ ავადმყოფთან ნაღვლის ბუშტის გადიდების ნიშანია: ნაღვლის ბუშტის უმნიშვნელოდ გადიდებისას, პალპაციით შეიგრძნობა მის ზემოთ არსებული ღვიძლის წილაკი, რასაც შეცდომით მიიჩნევენ ხოლმე თავად ნაღვლის ბუშტად.

  • Ø რისმანის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ავადმყოფს სთხოვენ ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ შეიკავოს სუთქვა და ამის შემდეგ ხელისგულის კიდით აწარმოებენ მოკლე დარტყმებს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში; ანთებადი ნაღვლის ბუშტის შემთხვევაში ავადმყოფი განიცდის მწვავე ტკივილს.

  • Øვესტფალ-ბერნჰარდის სიმპტომი:

შესაძლო ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რენტგენოლოგიური ნიშანია: ოდის სფინქტერის სპასტიკური მდგომარეობა!


ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი მრავლობითი კენჭებით

განგრენული (დესტრუქციული) ნაღვლის ბუშტი დიდი ზომის კენჭით

ფლეგმონურ-განგრენული ნაღვლის ბუშტი კენჭებით

ფლეგმონური ნ./ბუშტი სხვადასხვა ფერის კენჭებით

დესტრუქციული (განგრენული) ნაღვლის ბუშტი - დიდი ზომის კენჭით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი ძალიან ბევრი (100 მეტი) კენჭით

დესტრუქციული ნაღვლის ბუშტი „ქვირითის“ ფორმის ქოლესტერინული კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი სწორკუთხა, ლამაზი კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი სწორკუთხა, ლამაზი კენჭებით

დესტრუქციული (განგრენული) ნაღვლის ბუშტი უამრავი „მარგალიტისებრი“ კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი მრავლობითი, მრავალკუთხა კენჭებით

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© topdoctors.ge

  659 ნახვა

კლინიკური სინდრომები ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს


  • კენიგის სინდრომი

დაიკვირვება წვრილი ნაწლავის სანათურის სხვადასხვა გენეზის შევიწროების დროს, მათ შორის სიმსივნითაც: აგრეთვე არასრული ობტურაციული გაუვალობის დროსაც: გაძლიერებული პერისტალტიკა მუცელში ტკივილის შეტევის დროს, „მუსიკალური ხმები" (ბუყბუყი, ყურყური), დიარეა ან აირების გაძლიერებული გამოყოფა.

  • კიოსის სინდრომი

ნაწლავთა ქრონიკული, რეციდივული, ნაწილობრივი გაუვალობა, მეტეორიზმი, შეკრულობა, ტენეზმები. აღინიშნება პერიკოლიკური შეხორცებითი პროცესის დროს. რენტგენოლოგიურად განისაზღვრება ლორწოვანი გარსის ნორმალური რელიეფი, სიგმური ან სწორი ნაწლავის შევიწროება, გამოხატული სუპრასტენოზური გაფართოების გარეშე.

  • ლედის სინდრომი

ნაწლავთა მაღალი გაუვალობა, რომელიც ვითარდება წვრილი ნაწლავის შემოგრეხის და თორმეტგოჯა ნაწლავზე ემბრიონული (ლედის) ჭიმებით ზეწოლის შედეგად (აღნიშნული ჭიმები მიემართებიან პარიესული პერიტონეუმიდან არასრულად როტირებული ბრმა ნაწლავისკენ და იჭიმება შემოგრეხისას). აღნიშნული პათოლოგიის მიზეზია შუა ნაწლავის ემბრიონული მობრუნების პროცესის დაუსრულებლობა, რის გამოც წვრილ ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს საერთო ჯორჯალი აქვთ, რომელიც მუცლის უკანა კედელს ჯოჯრლის სისხლძარღვების გამოსვლის ადგილებში უმაგრდება, რაც ხელს უწყობს შემოგრეხას. შუა ნაწლავის არასრული მობრუნების დროს წვრილი ნაწლავის მარყუჟები მუცლის ღრუში განლაგებულია შუა ხაზიდან მარჯვნივ, ბრმა ნაწლავი და მსხვილი ნაწლავის დანარჩენი ნაწილი კი - მარცხნივ, კუჭის ქვემოთ.

  • ლეინის დაავადება

(ლეინის გადაღუნვა) - ნაწლავური გაუვალობა, გამოწვეული მკვრივი ჭიმებით, რომლებიც წვრილი ნაწლავის ტერმინალურ ნაწილს აფიქსირებენ მუცლის უკანა კედელზე, მენჯის უსახელო ხაზის მიდამოში. ჭიმები ნაწლავის გადაღუნვასა (ლეინის გადაღუნვა) და შევიწროებას იწვევს. ითვლება, რომ აღნიშნული ჭიმები კრონის დაავადების შედეგად ჩნდება.

  • ოგილვის სინდრომი - კოლინჯის ფსევდოობსტრუქცია

სიმპათიკური ინერვაციის მოშლის შედეგად მსხვილი ნაწლავის ცრუ დახშობის სურათი: გადიდებული მუცელი, გაფართოვებული მსხვილი ნაწლავი, სიგამხდრე, შეკრულობა. მსხვილ ნაწლავში პათოლოგიური ცვლილებების აღმოჩენა ვერ ხერხდება, ჩვეულებრივ, დაიკვირვება ნებისმიერი სხვა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნის დროს, რომელიც მეტასტაზს იძლევა სიმპათიკურ განგლიებში.

  • პაირის სინდრომი (პაირის დაავადება, ელენთის კუთხის სინდრომი)

შეტევისმაგვარი აბდომინური სიმპტომოკომპლექსი, რაც დაკავშირებულია აირებისა და განავლის შეკავებასთან ელენთის ნაკეცის დონეზე; ზეწოლის ან სისავსის შეგრძნება მუცლის ზედა მარცხენა კვადრანტში; ზეწოლა ან მწველი ტკივილი გულის არეში, გულისცემის შეგრძნება, ქოშინი, მკერდის ძვლის უკანა და პრეკარდიული ტკივილი შიშის შეგრძნებით, ერთი ან ორმხრივი ტკივილი ბეჭებში, რომელიც ირადირებს ხელში; ტკივილი ბეჭებს შორის.

  • პიულაკს-ჰედერიკის სინდრომი (კოლინჯის მწვავე გაგანიერება)

მსხვილი ნაწლავის მწვავე პარალიზური გაგანიერება, მისი მექანიკური დახშობის გარეშე: დომინირებს მეტეორიზმი, ტკივილები მწვავე მუცლის სურათის დონემდე. რენტგენოლოგიური კვლევისას გამოვლინდება დოლიქო და მეგაკოლონი. შესაძლებელია აღნიშნული მდგომარეობის უშუალო მიზეზი მსხვილ ნაწლავში აირების უხვი დაგროვება იყოს.

  • რაპუნცელის სინდრომი

ნაწლავთა გაუვალობის სახესხვაობაა: უპირატესად ბავშვებში დაიკვირვება (ფსიქოპათიის, ოლიგოფრენიის და ა.შ. დროს). თმების სისტემატიური გადაყლაპვის გამო (ტრიქობეზოარი); თუკი იგი განსაზღვრულ სიდიდეს მიაღწევს, მაშინ ნაწლავთა გაუვალობის სურათი ვითარდება. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია.

Gummi bears caramels donut carrot cake carrot cake chupa chups bonbon tootsie roll.

Gummi bears caramels donut carrot cake carrot cake chupa chups bonbon tootsie roll.

Gummi bears caramels donut carrot cake carrot cake chupa chups bonbon tootsie roll.

კითხვის გაგრძელება
  652 ნახვა

კლინიკური სიმპტომები ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს

  • ბაბუკის სიმტომი

ნაწლავთა ინვაგინაციის შესაძლო ნიშანია: თუკი ოყნის შემდეგ გამოყოფილ, გამონარეცხ წყლებში სისხლი არ არის, მაშინ აწარმოებენ მუცლის პალპაციას 5 წუთის განმავლობაში. ინვაგინაციის დროს, ხშირად განმეორებითი სიფონური ოყნის შემდეგ წყალს ხორცის ნახარშის შეფერილობა აქვს.

  • კარევსკის სინდრომი

დაიკვირვება ნაღვლის ქვებით გამოწვეული ნაწლავური გაუვალობის დროს: მწვავედ მიმდინარე ნაწილობრივი და სრული ობტურაციული ნაწლავური გაუვალობა.

  • ობუხოვის საავადმყოფოს სიმპტომი; ჰოჩენეგის სიმპტომი

სიგმური ნაწლავის შემოგრეხის ნიშანია: სწორი ნაწლავის გაფართოებული და ცარიელი ამპულა რექტალური გასინჯვისას.

  • რუშის სიმპტომი

დაიკვირვება მსხვილი ნაწლავის ინვაგინაციის დროს: ტკივილისა და ტენეზმების აღმოცენება, მუცელში არსებული ძეხვისმაგვარი სიმსივნის პალპაციის დროს.

  • სპასოკუკოცკის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის შესაძლო ნიშანია: აუსკულტაციურად განისაზღვრება ვარდნილი წვეთის ხმა.

  • სკლიაროვის სიმპტომი

მსხვილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: გადაჭიმულ და გადაბერილ სიგმურ ნაწლავში განისაზღვრება შხეფის ხმა.

  • ტიტოვის სიმპტომი

შეხორცებითი გაუვალობის სიმპტომია: ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის გასწვრივ, თითებით აიღებენ კან-კანქვეშა ქსოვილოვან ნაკეცს და სწრაფად წამოსწევენ მაღლა, რის შემდეგაც ნელა დაუშვებენ. აღმოცენებული მტკივნეულობის ადგილი მიუთითებს შეხორცებითი გაუვალობის ადგილმდებარეობაზე. სუსტად გამოხატული რეაქციის დროს, აწარმოებენ წამოწეული ნაკეცის რამოდენიმეჯერ მკვეთრ, ბიძგისებრ შერხევას.

  • ალაპის სიმპტომი

მუცლის კედლის უმნიშვნელო დაჭიმულობა ან დაჭიმულობის არარსებობა ნაწლავთა ინვაგინაციის დროს.

  • ანშიუტცის სიმპტომი

ბრმა ნაწლავის შებერვა მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების გაუვალობის დროს.

  • ბაიერის სიმპტომი

მუცლის ასიმეტრიული შებერვა: დაიკვირვება სიგმური ნაწლავის შემოგრეხის დროს!

  • ბეილის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის ნიშანია: გულის ტონების გადაცემა მუცლის კედელზე. სიმტომის ღირებულება იზრდება გულის ტონების მოსმენისას მუცლის ქვემო განყოფილებებში.

  • ბუვერის სიმპტომი

მსხვილი ნაწლავის გაუვალობის შესაძლო ნიშანია: გამობერილობა ილეოცეკალურ არეში (თუკი ბრმა ნაწლავი შებერილია, ესე იგი გაუვალობა განივ კოლინჯშია, ხოლო თუ ბრმა ნაწლავი არაა შებერილი - მაშინ მის შემდგომ).

  • კრიუველეს სიმპტომი

დამახასიათებელია ნაწლავების ინვაგინაციისათვის: სისხლი განავალში ან სისხლისფრად შეფერილი ლორწო, მოჭერითი, შეტევითი ხასიათის ტკივილთან მუცელში და ტენეზმებთან ერთად.

  • დანსის სიმპტომი

ილეოცეკალური ინვაგინაციის სიმპტომი: ნაწლავის ინვაგინირებული მონაკვეთის ზემოთ გადანაცვლების გამო, პალპაციისას თეძოს ფოსოს მიდამო ცარიელია.

  • დელბეს სიმპტომი (დელბეს ტრიადა)

დაიკვირვება წვრილი ნაწლავის შემოგრეხის დროს: სწრაფად მზარდი გამონაჟონი მუცლის ღრუში, მუცლის შებერვა და არაფეკალური ღებინება.

  • დიურანის სიმპტომი

დაიკვირვება დაწყებითი ინვაგინაციის დროს: მუცლის კედლის მკვეთრი დაჭიმულობა ნაწლავის მარყუჟის ჩანერგვის ლოკალიზაციიის პროექციაზე.

  • ფრიმან-დალის სიმპტომი

ნაწლავთა გაუვალობის დროს: აირებით გადაჭიმულ წვრილ ნაწლავებში რენტგენოლოგიურად განისაზღვრება განივი დახაზულობა ( შეესაბამება კერკრინგის ნაოჭებს).

  • განგოლფის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა გაუვალობის დროს: მოყრუების ხმიანობა მუცლის მცირედ გამობერილ ადგილებში, რაც თავისუფალი სითხის დაგროვებაზე მეტყველებს!

  • ჰაინცეს სიმპტომი

რენტგენოლოგიური ნიშანია, მიუთითებს ნაწლავთა მწვავე გაუვალობაზე: განისაზღვრება აირების დაგროვება მსხვილ ნაწლავში - შეესაბამება ვალის სიმტომს.

  • ჰირშპრუნგის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა ინვაგინაციის დროს: უკანა გასავლის სფინქტერების მოდუნებაა.

  • ჰოფერის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის დროს, აორტის პულსაცია ყველაზე უკეთ შევიწროების ადგილის ზემოთ მოისმინება.

  • კივულის სიმპტომი

მსხვილი ნაწლავის გაუვალობის ნიშანია (სიგმური და ბრმა ნაწლავების შემოგრეხის დროს): გადაჭიმულ და გადაბერილ სიგმურ ნაწლავზე განისაზღვრება მეტალური პერკუსიული ხმიანობა.

  • კოხერის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა გაუვალობის დროს: მუცლის წინა კედელზე ზეწოლა და ზეწოლის მყისიერი შეწყვეტა არ იწვევს ტკივილებს.

  • კლოიბერის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის რენტგენოლოგიური ნიშანია: მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიისას გამოვლინდება სითხის ჰორიზონტალური დონეები და აირის ბუშტულები მათ თავზე!

  • ლემანის სიმპტომი

ნაწლავთა ინვაგინაციის რენტგენოლოგიური ნიშანია: ავსების დეფექტს, რომელიც გარს შემოედინება ინვაგინატის თავს, დამახასიათებელი ფორმა აქვს: მიმღებ და ინვაგინირებულ ნაწლავის ცილინდრებს შორის საკონტრასტო ნივთიერების ორი გვერდითი ზოლი.

  • მატიეს სიმპტომი

ნაწლავთა სრული გაუვალობის ნიშანია: ჭიპის ზემო მიდამოს სწრაფი პერკუსიის დროს მოისმინება შხეფის ხმიანობა.

  • პაირის სიმპტომი

„ორლულა", რომელიც გამოწვეულია ზედმეტად მოძრავი (ჭარბი სიგრძის გამო) განივი კოლინჯის გადაღუნვით მისი დასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილას, რის შედეგადაც წარმოიქმნება მახვილი კუთხე და ნაკეცი, რაც აფერხებს შიგთავსის პასაჟს. კლინიკური ნიშნები: ტკივილი მუცელში, რომელიც ირადირებს გულის არეში და მარცხენა საზარდულის არეში; წვის შეგრძნება და შებერვა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, ქოშინი და ტკივილი მკერდის ძვლის უკან.

  • შიმანის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის (ბრმა ნაწლავის შემოგრეხის) ნიშანია: პალპაციისას გამოვლინდება მკვეთრი მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს მიდამოში და „სიცარიელის"არსებობა ბრმა ნაწლავის საპროექციო არეში.

  • შლანგეს სიმპტომი 1

ნაწლავების დამბლის ნიშანია: მუცლის მოსმენისას აღინიშნება სრული სიჩუმე („მუნჯი" მუცელი), ჩვეულებრივ დაიკვირვება გაუვალობის დროს.

  • შლანგეს სიმპტომი 2

ნაწლავების ხილული პერისტალტიკა ნაწლავთა გაუვალობის დროს!

  • შტირლინის სიმპტომი

ნაწლავთა გაუვალობის რენტგენოლოგიური ნიშანია: გადაჭიმულ და დაძაბულ ნაწლავის მარყუჟს შეესაბამება გაზების დაგროვების ზონა თაღების სახით.

  • ტევენარის სიმპტომი

წვრილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: მუცელი რბილია, პალპაციისას გამოვლინდება მტკივნეულობა ჭიპის ირგვლივ და განსაკუთრებით ჭიპის ქვემოთ, ორი თითის სიგანეზე შუა ხაზის გასწვრივ. მტკივნეულობის წერტილები შეესაბამება ჯორჯლის ფუძის პროექციას.

  • ტილიაკსის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავების ინვაგინაციის დროს: ტკივილი მუცელში, ღებინება, ტენეზმები და განავლისა და აირების გამოყოფის შეკავება.

  • ტრევისის სიმპტომი

მსხვილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: მსხვილ ნაწლავში სითხის შეყვანის მომენტში, გაუვალობის ადგილზე აუსკულტაციურად განისაზღვრება ყურყური.

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© topdoctors.ge

  720 ნახვა

მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა - ალვარადოს შკალა

ალვარადოს შკალა არის კლინიკური სკალირების სისტემა, რომელიც გამოიყენება მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტირებისათვის. შკალას აქვს ექვსი კლინიკური შემადგენელი და ორი ლაბორატორიული განზომილება, რომელთა ჯამური ქულების რიცხვი არის 10. ის 1986 წელს იქნა შემოღებული, თავიდან ორსული ქალებისათვის, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა მთელს დანარჩენ პოპულაციაზეც. დღეისათვის გამოყენებაშია ალვარადოს მოდიფიცირებული შკალა.
ალვარადოს შკალაში ორი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი - მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში და ლეიკოციტოზი შეფასებულია ორ-ორი ქულით, ხოლოთ დანარჩენ ექვს ფაქტორს მინიჭებული აქვს თითო-თითო ქულა!
ქულათა ჯამი 5-6 მიუთითებს აპენდიციტის საეჭვო დიანგოზზე; ქულათა ჯამი 7-8 მიუთითებს შესაძლო აპენდიციტზე (საშუალო ალბათობით); ხოლო ქულათა ჯამი 9-10 მიუთითებს აპენდიციტზე მაღალი ალბათობით. სკალის გამოყენებით მწვავე აპენდიციტის დიაგოსტიკა ეფუძნება ნიშნების სიმპტომებისა და ლაბორატორიული მონაცემების განსაზღვრას!

ნიშნები:

1. მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მგრძნობელობა)         +2
2. ტემპერატურის მომატება (37.3°C ან 99.1°F)                                                                +1
3. დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი                                                          +1
სიმპტომები:
4. ტკივილის მარჯვენა ქვედა კვადრანტში მიგრაციის (კოხერის) სიმპტომი       +1
5. ანორექსია (უმადობა)                                                                                                    +1
6. გულისრევის შეგრძნება ან ღებინება                                                                        +1
ლაბორატორიული მონაცემები:
7. ლეიკოციტოზი >10 000                                                                                                  +2
8. ლეიკოციტური ფორმულის გადახრა მარცხნივ                                                      +1

რამდენადაც ალვარადოს შკალა რიცხობრივია, მას შეუძლია დაადასტუროს ან გამორიცხოს აპენდიციტი. კვლევები, რომელთა მიხედვითაც ალვარადოს შკალით <3-4 გამორიცხავს აპენდიციტს, ხასიათდება 96%-იანი მგრძნობელობით, ხოლო აპენდიციტის დადასტურებას, როდესაც ალვარადოს შკალით >6-7 აქვს მგრძნობელობა
58-88% იმაზე დამოკიდებულებით, თუ ვინ აკეთებს კვლევას და ვინ აფასებს სკალის ცალკეულ კომპონენტს! 2007 წლის მაკკის კვლევით (2007 McKay study) რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც ალვარადოს სკალით 4-6 ქულაა და ქირურგის კონსულტაცია, თუ ალვარადოს შკალით ქულები >ან = 7; ხოლო
თუ ალვარადოს შკალით 3 ან <, მაშინ გამორიცხულია აპენდიციტი და კტ. კვლევაც არაა საჭირო. 

კითხვის გაგრძელება
  686 ნახვა

კლინიკური სიმპტომები აპენდიციტის დროს

appendicitis

აპენდიციტის  სიმპტომები:

ბრენდოს სიმპტომი

დაიკვირვება ორსულობისას აღმოცენებული აპენდიციტის დროს: ორსული საშვილოსნოს მარცხენა კიდეზე ზეწოლა იწვევს ტკივილებს მარჯვნივ (თეძოს ფოსოში)!

ბულინინის სიმპტომი

გამოავლენენ მწვავე აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება ხერხემლის წელის I და II მალების წვეტიანი მორჩებიდან 3-4 სმ.-ით მარჯვნივ განლაგებულ წერტილებზე ზეწოლისას!

ვოლკოვიჩის (1) სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტროფია ან ატროფია ილეოცეკალურ არეში!

ვოლკოვიჩის (2) სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: ტკივილის გაძლიერება ბრმა ნაწლავის გარეთ გადაწევისას!

ვოლკოვიჩის (3) სიმპტომი

დაიკვირვება ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილების გაძლიერება სხეულის მარცხნივ გადახრისას!

კოხერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი, რომელიც თავდაპირველად ეპიგასტრიუმის არეში აღმოცენდება (ზოგჯერ უშუალოდ მახვილისებური მორჩის ქვემოთაც), რამოდენიმე საათში გადაინაცვლებს და ლოკალიზდება მარჯვენა თეძოს ფოსოში!

ვოსკრესენსკის („პერანგის") სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ავადმყოფის მარჯვენა ნეკნთა რკალიდან ქვემოთ, მუცლის წინა კედელზე (პერანგის ზემოდან) ხელისგულის სწრაფი დასმა ტკივილს იწვევს!

გაბაის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის ნიშანია: წელის სამკუთხედში, მარჯვნივ, დააწვებიან თითით და შემდეგ სწრაფად აუშვებენ მას - თითის აღების მომენტში აღმოცენდება ტკივილი - ისევე როგორც შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმტომის დროს!

გუბერგრიცის სიმპტომი

გამოვლინდება ანთებითი ჭიაყელა დანამატის მენჯში მდებარეობის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება საზარდულის იოგის ქვეშ, სკარპას სამკუთხედში ზეწოლის დროს!

გუსევის სიმპტომი (ტანის გადახრის სიმპტომი)

მიუთითებს ქრონიკულ აპენდიციტზე: ხელების მაღლა აწევისა და სხეულის უკან და მარცხნივ გადახრის მცდელობისას, მდგომარე მდგომარეობაში, აღმოცენდება ტკივილი!

დოლინოვის სიმპტომი

აღმოცენდება ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილი მარჯვენა გვერდით მიდამოში, რომელიც აღმოცენდება მუცლის წინა კედლის კუნთების შეკუმშვით მუცლის ჩაზნექვის დროს!

ჟელდინსკის სიმპტომი

დიფერენციული დიაგნოსტიკაა მწვავე აპენდიციტსა და მწვავე სალპინგოოოფორიტს შორის: პაციენტის წოლითი მდგომარეობისას თითებს აჭერენ კიუამელის წერტილში (ჭიპიდან 2სმ.-ით მარჯვნივ და ქვემოთ) და ზეწოლის შეუწყვეტლად, პაციენტს სთავაზობენ რომ ადგეს. ტკივილების გაძლიერება მწვავე აპენდიციტის სასარგებლოდ მეტყველებს, ხოლო შემცირება - სალპინგოოოფორიტის ნიშანია!

ზახარჟევსკის სიმპტომი

გამოავლენენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც წარმოიშობა მარჯვენა თეძოს ძვლის ქედის თავზე კანის შენაოჭებისა და მიღებული კანის ნაკეცის მარჯვენა ნეკნთა რკალის მიმართულებით მასაჟირების დროს!

ზახაროვიჩის სიმპტომი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში პაციენტის მუცელზე წოლის დროს, მაშინ, როდესაც ექიმი მარჯვენა ხელით წამოუწევს პაციენტს ბარძაყებს (მათ ქვემო მესამედში), ხოლო მარცხენა ხელით აჭერს ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს!

იკრამოვის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ტკივილების გაძლიერება მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში მარჯვენა ბარძაყის არტერიის ხელით მიჭყლეტისას!

მიხელსონის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია ორსულებში: ტკივილების გაძლიერება მუცლის მარჯვენა ნახევარში ორსულის მარჯვენა გვერდზე წოლისას (ორსული საშვილოსნოს ანთებით კერაზე ზეწოლის შედეგად)!

ობრაზცოვის სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: ტკივილების გაძლიერება ილეოცეკალური მიდამოს პალპაციისას, როდესაც ავადმყოფს მარჯვენა ფეხი წამოწეული აქვს.

ოლშანეცკის სიმპტომი

გამოიყენებენ მწვავე აპენდიციტსა და თირკმლის კოლიკას შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის: მუცლის წინა კედლის პალპაციისას, როდესაც პაციენტი ფეხზე დგას და ფეხების მიმართ ტანი დახრილი აქვს 90 გრადუსით, მუცლის წინა კედლის კუნთები დუნდება, პერიტონეუმის ღრუში მოთავსებული ორგანოები წინ წამოიწევს და ისინი ადვილად პალპირდება! მაშინ, როდესაც რეტროპერიტონეულად განლაგებული ორგანოები (თირკმელები, შარდსაწვეთები და ა.შ.) არ განიცდიან ზეწოლას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭიისებრი დანამატი ანთებადია, ილეოცეკალური მიდამოს პალპაციისას აღიძვრება ტკივილი - სიმპტომი დადებითია. ხოლო, თუკი რეტროპერიტონეულად განლაგებული ორგანოებია დაინტერესებული, მაშინ პალპაცია უმტკივნეულოა - სიმპტომი უარყოფითია!

ოსტროვსკის სიმპტომი

დაიკვირვება მწვავე აპენდიციტის დროს: ზურგზე მწოლიარე პაციენტს სთავაზობენ, რომ მუხლის სახსარში გამართული მარჯვენა ფეხი ასწიოს მაღლა (130-140 გრადუსით ტანთან) და ასე დაიჭიროს; ამ დროს ექიმი სწრაფად დაუშვებს მის აწეულ ფეხს დაბლა, ჰორიზონტალურ მდებარეობამდე! ეს მოქმედება იწვევს ტკივილს, თუკი აპენდიქსი ანთებადია!

პევზნერის სიმპტომი

დაიკვირვება ქრონიკული აპენდიციტის დროს: პალპაციისას ბრმა ნაწლავის ზემოთ გადაწევა აძლიერებს ტკივილებს!

პეტროვის სიმპტომი

გამოავლენენ აპენდიციტის დროს: მკვეთრი ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში, როდესაც ექიმი ხელით აწვება მუცლის წინა კედელს და ერთდროულად, პაციენტი მწოლიარე მდგომარეობიდან გადადის მჯდომარე მდგომარეობაში (წამოჯდება)!

პოდონენკო-ბოგდანოვას სიმტომი

მიუთითებს მენჯის ლოკალიზაციის მწვავე აპენდიციტზე (იყენებენ ქალებში): ასწვრივი კოლინჯისა და ბრმა ნაწლავის მიდამოში ზეწოლისას პაციენტი განიცდის უფრო ძლიერ ტკივილს მენჯის სიღრმეში, ვიდრე მანამდე ჩატარებული საშოსმხრივი გამოკვლევისას, საშვილოსნოს ყელის ზემოთ ან გვერდით გადაწევისას განიცდიდა!

პრჟევალსკის სიმპტომი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: მუცლის მარჯვენა გვერდითი მიდამოს პალპაციისას განსაზღვრავენ კუნთების გაბრტყელებას (მარცხენა მხარესთან შედარებით); ავადმყოფს არ შეუძლია დიდხანს დაიჭიროს მუხლის სახსარში გამართული და წამოწეული მარჯვენა ქვედა კიდური!

პუნინის სიმპტომი

დაიკივრვება აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება წელის II მალის მარჯვენა განივი მორჩის მწვერვალზე ზეწოლისას.

რაზდოლსკის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის შესაძლო ნიშანი: მუცლის წინა კედლის ნევროლოგიური ჩაქუჩით ან ხელით პერკუსიის დროს გამოვლინდება მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს არეში.

რუტკევიჩის სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: ტკივილის გაძლიერება პალპაციისას ბრმა ნაწლავის შიგნით (მედიალურად) გადაწევის დროს.

სიტკოვსკი-ორტნერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: პაციენტის მარცხენა გვერდზე გადაბრუნებუსას თეძოს ფოსოში ტკივილი ჩნდება.

ფილატოვის სიმპტომი

მიუთითებს მწვავე აპენდიციტზე (ლოკალური მტკივნეულობის სიმპტომი): ბავშვების მუცლის პალპაციისას ტკივილების გაძლიერება მარჯვენა გვერდითი მიდამოს განსაზღვრულ მონაკვეთზე.

ფომინის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის რეფლექსების დაქვეითება ან არარსებობა.

ჩერემსკი-კუშნირენკოს სიმპტომი

„ხველის სიმპტომი"

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ღრმა, ფორსირებული სუნთქვითი მოძრაობები და ხველა იწვევს ტკივილის გაძლიერებას მარჯვენა თეძოს ფოსოში.

ჩუგაევის სიმპტომი

„აპენდიციტის სიმები"

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას ხერხდება მუცლის გარეთა ირიბი კუნთის შეკუმშული და დაჭიმული ბოჭკოების შეგრძნება, რომლებიც დაჭიმულ სიმებს მოგვაგონებს.

შილოვცევის სიმპტომი

დიფერენციული დიაგნოსტიკა შეხორცებით დაავადებასა და მწვავე აპენდიციტს შორის: პაციენტის ზურგზე წოლით მდგომარეობაში, მარჯვენა გვერდით მიდამოში გამოავლენენ მტკივნეულ წერტილს და ამ წერტილიდან ხელის აუღებლად, პაციენტს სთავაზობენ გადაბრუნდეს მარცხენა გვერდზე. თუკი შეხორცებითი პროცესი არ არის და ბრმა ნაწლავი თავისუფალია, მაშინ ნაპოვნ წერტილში მტკივნეულობა მცირდება და იგი უფრო ქვემოთ და მარცხნივ გადაინაცვლებს, ამ შემთხვევაში, სიმპტომს შეაფასებენ როგორც დადებითს მწვავე აპენდიციტისთვის. თუკი სიმპტომი უარყოფითია, ვარაუდობენ შეხორცებითი დაავადების არსებობას (არ გამორიცხავს აპენდიციტს).

იაურე-როზანოვის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის სიმპტომი: მტკივნეულობა წელის მარჯვენა არეში, პტის სამკუთხედის მიდამოში.

იაურეს სიმპტომი (2)

ქრონიკული აპენდიციტის სიმპტომი: მტკივნეულობა თეძოს ძვლის ქედზე ზეწოლისას.

აარონის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი ან გაჭიმვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის ან პერიკარდიულ არეში, მაკ-ბერნის წერტილში ხელით ზეწოლისას.

ბარონის სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: მომატებული მგრძნობელობა წელის მარჯვენა კუნთებზე (სუკის კ.) მიმართ.

ბართომიე-მიხელსონის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მტკივნეულობაა ბრმა ნაწლავის პალპაციისას, რომელიც ძლიერდება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას.

ბასლერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მუცლის წინა კედელზე, ჭიპსა და თეძოს წინა ზედა წვეტს შორის შუა წერტილზე ზეწოლისას, როდესაც ზეწოლის მიმართულებაა სიღრმეში და მარჯვნივ - პაციენტი განიცდის მკვეთრ ტკივილს.

ბასტედოს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: სწორი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში ჰაერის შეყვანისას, ილეოცეკალურ არეში გამოვლინდება ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნება, რაც ჰაერით ბრმა ნაწლავის გაჭიმვის შედეგია.

ბენ-აშერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ავადმყოფის ღრმა სუნთქვის ან ჩახველების დროს, ექიმი ორი თითის წვერით აწვება მარცხენა ფერდქვეშ, აპენდიციტის დროს გამოვლინდება ტკივილი ილეოცეკალურ მიდამოში.

ბრიტენის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის მარჯვენა ნახევრის ქვემო ზედაპირის პალპაცია მარჯვენა სათესლეს რეტრაქციას იწვევს.

ბრაუნის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის კანზე მონიშნავენ მტკივნეულობის ზონას, რის შემდეგაც, ავადმყოფს აწვენენ ჯანმრთელ გვერდზე (მარცხენაზე :) ); 15-30 წუთის განმავლობაში მტკივნეული ზონა გადაინაცვლებს 2,5-5 სმ-ით, ან მტკივნეულობა და კუნთოვანი რიგიდობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ჩეიზის სიმპტომი

აპენდიციტის, ტიფლიტისა და პერიტიფლიტის ნიშანია: ტკივილი ბრმა ნაწლავის არეში, როდესაც ექიმი ახორციელებს განივი კოლინჯის ღრმა და სწრაფ პალპაციას მარცხნიდან მარჯვნივ (ამ დროს, მეორე ხელით მიჭყლეტილია დაღმავალი კოლინჯი).

კოუპის (1) სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მტკივნეულობა ილეოცეკალურ არეში მენჯ-ბარძაყის სახსარში როტაციული მოძრაობების შესრულების დროს.

კოუპის (2) სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი ბარძაყის არტერიის მიჭყლეტისას ბარძაყის (სკარპას) სამკუთხედში.

დელაფუას ტრიადა

დამახასიათებელია მწვავე აპენდიციტისთვის: ტკივილი, კუნთოვანი დაჭიმულობა და კანის ჰიპერესთეზია მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში.

დონელის (პსოას) სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის სიმპტომი: თუკი ზურგზე მწოლიარე პაციენტი გამართავს მარჯვენა ფეხს, ხოლო ექიმი, ამ დროს, აწარმოების მუცლის პალპაციას ერთდროულად მაკ-ბერნის წერტილის ზემოთაც და ქვემოთაც, მაშინ პაციენტი შეიგრძნობს ტკივილს.

დიუბარის სიმპტომი

გამოავლენენ აპენდიციტის დროს: ტკივილი ცდომილი ნერვის კეფის წერტილებზე ზეწოლისას.

გრეის (1) სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: მომატებული მგრძნობელობა ჭიპიდან 2,5 სმ-ით მარჯვნივ და ქვემოთ.

გრეის (2) სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო ნიშანი: ტკივილი მარჯვენა მხარში.

ჰორნის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენა სათესლე ბაგირაკის ელემენტების გაჭიმვისას, პაციენტი განიცდის ტკივილს.

ილიესკუს სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მტკივნეულობაა მარჯვენა დიაფრაგმის ნერვის კისრის წერტილში ზეწოლისას.

იავორსკის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენა ფეხის წამოწევისას, ილეოცეკალური მიდამოს პალპაცია მტკივნეულია.

კლემის სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო რენტგენოლოგიური სიმპტომია: მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევისას, არცთუ იშვიათად აღინიშნება აირების დაგროვება ილეოცეკალურ არეში.

კობრაკის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: ავადმყოფი წევს მარცხენა გვერდზე, ფეხები მოხრილი აქვს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და მიზიდული აქვს მუცელთან; ექიმი საჩვენებელ თითს მიმართავს (რექტალური გამოკვლევისას მამაკაცებთან და ვაგინალური გამოკვლევის დროს ქალებთან) ზემოთ და მაჯვნივ, დამხურავი ფირფიტის (მემბრანის) ამ ადგილზე ზეწოლისას ავადმყოფი ძლიერ ტკივილს განიცდის.

კიუმელის წერტილი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: მტკივნეული წერტილია ჭიპიდან 2-სმ.-ით მარჯვნივ და ქვემოთ.

ლანცის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენამხრივი კრემასტერული რეფლექსის შესუსტება ან გაქრობა.

ლანცის წერტილი

განსაზღვრავენ აპენდიციტის დროს: მტკვინეული წერტილია თეძოს წინა ზედა წვეტების შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის შუა და გარეთა მესამედების საზღვარზე მარჯვნივ!

ლაროშის სიმპტომი

აღინიშნება მწვავე აპენდიციტის დროს: ჰიპერექსტენზიის არარსებობაა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსარში.

ლაროკის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მარჯვენა ან ორივე სათესლის წამოწეული, მუცელთან მიზიდული მდებარეობაა, რომელიც ან თვითნებურად აღიძვრება ან მუცლის პალპაციის დროს.

ლენანდერის სიმპტომი

დაიკვირვება მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის დროს: იღლიის ფოსოსა და სწორ ნაწლავს შორის ტემპერატურა ერთ გრადუსზე მეტია!

ლოქვუდის სიმპტომი

აპენდიციტისა და მუცლის ღრუში შეხორცებების არსებობის ნიშანია: მუხლის სახსრებში ოდნავ მოხრილი ფეხებით, ზურგზე მწოლიარე ავადმყოფის ილეოცეკალური მიდამოს განმეორებითი პალპაციისას, ზოგჯერ ისმის გადადენილი სითხით გამოწვეული ყურყური და ხმაური.

მასტინის სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: ტკივილია ლავიწების არეში.

მაკ-ბერნის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას მტკივნეულია წერტილი, რომელიც განლაგებულია ჭიპისა და მარჯვენა თეძოს წინა-ზედა წვეტის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის შუაში.

მელცერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: განზიდული ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში აქტიური მოხრა და თეძოს წინა ზედა წვეტსა და ჭიპს შორის შუა წერტილზე ერთდროული ზეწოლა ტკივილს იწვევს.

მორისის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილის აღმოცენებაა მუცლის პალპაციისას თეძოს წინა ზედა წვეტისა და ჭიპის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ, ჭიპიდან დაწყებული 5 სმ. მანძილზე.

მერფის სიმპტომი

აპენდიციტის დროს მცირე რაოდენობის გამონადენის არსებობის ნიშანია: ოთხი თითით ერთმანეთის მიყოლებით პალპაციისას (ისე როგორც როიალზე დაკვრისას) მუცლის ქვემო ნაწილში, მარჯვნივ, ჩვეული ტიმპანური ხმიანობა არ არსებობს!

მანროუს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას გამოვლინდება მტკივნეული წერტილი, რომელიც მდებარეობს ჭიპისა და თეძოს ძვლის წინა-ზედა წვეტის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის მუცლის მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდესთან გადაკვეთის წერტილში.

ოტის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარცხენა გვერდზე გადაბრუნებისას ავადმყოფი განიცდის მქაჩავ ტკივილს.

პაირის სიმპტომი

დაიკვირვება მენჯის ფორმის აპენდიციტის დროს: სფინქტერის ჰიპერესთეზია ტენეზმებითა და სპასტიური განავალით.

პასკუალისის სიმპტომი

იღლიისა და სწორი ნაწლავის ტემპერატურების „გახლეჩა" 10 ცელსიუსზე ნაკლებად, 380C და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს, მიუთითებს სუბსეროზულ რეტროცეკალურ აპენდიციტზე ან სხვა ნებისმიერი ლოკალიზაციის ფარულ აპენდიციტზე. 10C-ზე უფრო მეტი ტემპერატურათა სხვაობა კი მუცლის ღრუში თავისუფლად მდებარე დანამატის ანთებაზე მიუთითებს.

პრჟევალსკის სიმპტომი (1)

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: ბარძაყის შემომხვევი არტერიის ირგვლივ განლაგებული ლიმფური კვანძების გადიდება და ამით გამოწვეული შემსხვილება (ამობურცვა) მარჯვენა საზარდული იოგის არეში.

პრჟევალსკის სიმპტომი (2)

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მარჯვენა ფეხის წამოწევის შესაძლებლობა შეზღუდულია!

რედერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილია სიგმური ნაწლავის სწორ ნაწლავში გადასვლის საპროექციო წერტილის ზემოთ და მარჯვნივ.

რიშეს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ბარძაყის მომზიდველი კუნთების შეკუმშვის გამოვლენაა.

როტერის წერტილი

ეს მტკივნეული წერტილი დესტრუქციული აპენდიციტის არსებობაზე მიუთითებს: დუგლასის სივრცის თითით რექტალური გამოკვლევისას, სწორი ნაწლავის წინა კედლის საპირისპირო მიმართულებით, ზემოთ და მარჯვნივ, ჰიპერესთეზიისა და ძლიერი ტკივილის სახით აღიძვრება საპასუხო რეაქცია პერიტონეუმის მხრივ, რომელიც არ რეაგირებდა მუცლისმხრივი გამოკვლევისას.

რუს სიმპტომი

ჩირქოვანი აპენდიციტის ნიშანია ინფილტრატით: ბრმა ნაწლავის პალპაციის დროს, შეიგრძნობა მსუბუქი, რბილი წინააღმდეგობა, რომელიც კონსისტენციით „სველი მუყაოს მილაკს" მოგვაგონებს!

როვზინგის სიმპტომი

აპენდიციტის ან ტიფლიტის ნიშანია: მარცხენა თეძოს მიდამოს პალპაციისა და დასწვრივ კოლინჯზე ერთდროული ბიძგისებური ზეწოლისას, ბიძგის წნევა აირების მეშვეობით გადაეცემა ილეოცეკალურ მიდამოში, რაც ტკივილის აღმოცენების მიზეზი ხდება!

ზატლერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თუკი მჯდომარე ავადმყოფი ასწევს გამართულ მარჯვენა ფეხს, მაშინ ილეოცეკალურ არეში ტკივილი ვლინდება.

ზელჰეიმის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია ქალებში: ვაგინალური და ზოგჯერ, თითით რექტალური გამოკვლევის დროსაც, შეიგრძნობა გასქელებული და მტკივნეული გავა-საშვილოსნოს იოგი. სიმპტომს მხოლოდ მაშინა აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, როდესაც შესაძლებელია გინეკოლოგიური დაავადბების (ანთებითი, საშვილოსნოს გარე ორსულობა) გამორიცხვა.

სორეზის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თუკი ავადმყოფი, რომელიც ზურგზე წევს და ფეხები მოხრილი აქვს მუხლის სახსრებში, ჩაახველებს, მაშინ მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ერთდროული პალპაციის პირობებში, არცთუ იშვიათად, აღმოცენდება ტკივილი მაკ-ბერნის წერტილში.

სუპო-სეილეს სიმპტომი

დაიკვირვება მენჯში განლაგებული ჭიაყელა დანამატის ანთების დროს: ღრმა ჩასუნთქვა ტკივილს იწვევს შარდის ბუშტის მიდამოში.

ტრესდერის სიმპტომი

ზოგჯერ დაიკვირვება აპენდიციტის დროს: მუცელზე წოლის დროს ტკივილი მცირდება.

ვახენჰეიმ-რედერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თითით რექტალური გამოკვლევისას აღმოცენდება ან ძლიერდება ტკივილი ილეოცეკალურ არეში.

ვიდმერის სიმპტომი

აპენდიციტის სიმპტომია: ზოგჯერ ტემპერატურა მარჯვენა იღლიის ფოსოში უფრო მაღალია, ვიდრე მარცხენაში.

ვოლფის სიმპტომი

კოჭლობაა აპენდიციტის დროს! 

კითხვის გაგრძელება
  1262 ნახვა

ღვიძლის გადანერგვის ისტორია

ღვიძლის გადანერგვა

 უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, მედიცინის მეცნიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას კლინიკური ტრანსპლანტოლოგიის განვითარება წარმოადგენს. მას ხელი შეუწყო ფუნდამენტურმა კვლევებმა ფიზიოლოგიაში, იმუნოლოგიაში და ორგანოთა კონსერვაციაში, იმუნოსუპრესიის ახალი სქემების შემოღებამ (ციკლოსპორინი და შემდეგ ტაკროლიმუსი), ღრმა გამოყენებითმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა, ქირურგიულმა ინოვაციებმა, თანამედროვე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის წარმატებებმა. ამჟამად პრაქტიკულ მედიცინაში ტრანსპლანტოლოგიამ თავისი მყარი პოზიციები დაიკავა და შესაძლებელი გახადა უკიდურესად მძიმე ავადმყოფთა ეფექტური მკურნალობა, რომლებიც უწინ უკურნებელ პაციენტთა რიცხვს მიეკუთვნებოდან და სასიკვდილოდ იყვნენ განწირული. ზოგადად, ტრანსპლანტაცია, როგორც მეთოდი ამა თუ იმ ორგანოს შეუქცევადი დაავადებისა და მისი ფუნქციის სრული კარგვის დროს, მკურნალობის შერჩევის დასაბუთებული მეთოდი გახდა.

აბდომინური სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციებს დასაბამი დაუდო 1963 წელს თ. სტარზლის მიერ [Starzl Т.Е. et al. 1963], პირველად კლინიკურ პრაქტიკაში შესრულებულმა ღვიძლის ორთოტოპიულმა ტრანსპლანტაციამ, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო მედიცინის ამ მიმართულების განვითარებას, და საყოველთაოდ აღიარებულ მიღწევებს. დღეისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაცია სხვადასხვა გენეზის ღვიძლის დაავადებათა ტერმინალურ სტადიაში მყოფ პაციენტთა რადიკალური მკურნალობისა და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი მეთოდია.

1955 წ. C.Welch- ღვიძლის გადანერგვის წარამტებული ექსპერიმენტები ძაღლებში.

1963 წ. Thomas Earl Starzl (March 11, 1926 – March 4, 2017) - ღვიძლის პირველი ორთოტოპული გადანერგვა ადამიანში.

1964 წ. Absolon KB- ღვიძლის პირველი ჰეტეროტოპული გადანერგვა ადამიანში.

ყველა ეს და რამოდენიმე შემდეგი მცდელობის პაციენტები გარდაიცვალნენ. თუმცა მცდელობები გრძელდებოდა.

1968 г. Thomas Earl Starzl -ღვიძლის ორთოტოპული ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი გადარჩენილი პაციენტი.

UNOS-ის (United Network for Organ Sharing) მონაცემებით 1988 წლიდან 2013 წლის ჩათვლით შესრულებულია 125 600 ღვიძლის გადანერგვა. მათ შორის 5012 - ცოცხალი დონორისგან მიღებული ტრანსპლანტატით. ამჟამად რეციპიენტთა ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 75-84%-მდე მერყეობს [Adam R., 2009; Готье С.В и соавт., 2012; Гранов А.М. и соавт., 2012]. ეს კი საკმაო ოპტიმიზმს ბადებს ამ პრობლემის შემდგომი, უფრო ეფექტური განვითარებისთვის.

ევროტრანსპლანტის სტატისტიკური მონაცემებით უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ტრანსპლანტაციის მომლოდინე ავადმყოფთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა (2000 წელს 803 პაციენტიდან, 2010 წლისათვის 2695 პაციენტამდე), ხოლო ღვიძლის დონორთა რაოდენობამ უმნიშვნელოდ(შესაბამისად 1170-დან, 1734-მდე) მოიმატა [Eurotransplant International Foundation Annual report 2010 https://www.eurotransplant.org/statistics/annual-report/

ღვიძლის გადანერგვა გულის გადანერგვაზე უფრო რთულ პროცედურად არის აღიარებული. მაგრამ, როგორც ლიტერატურიდან ჩანსპრობლემის ქირურგიული მხარე მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია და ყურადღება უმეტესად ტრანსპლანტატის მოძიების საკითხებზეა გადატანილი. ამავე დროს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების ისტორიული მიმოხილვა იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ისეთმა ქირურგიულმა და ტექნიკურმა ინოვაციებმა და გადაწყვეტებმა,როგორიცაა სპლიტ-ტრანსპლანტაცია ან გადანერგვა ცოცხალი დონორისგან, უზრუნველყო ტრანსპლანტატთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა.

ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაცია ტექნიკურად საკმაოდ რთული, მრავალკომპონენტიანი ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის ანესთეზიოლოგიურ უზრუნველყოფას, კავა-კავალური და პორტოკავალური შუნტირების და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებას და სხვა. სამაგიეროდ, წარმატების შემთხვევაში იგი, რეციპიენტის რადიკალურ გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის კარგ ხარისხს უზრუნველყოფს.

ამისათვის 1993 წლისათვის მსოფლიოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის 200-მდე ცენტრი ფუნქციონირებდა და უკვე შესრულებული იყო 34 000 ოპერაცია. დღეისათვის ამგვარი ცენტრების რაოდენობა 300 აღემატება. პრობლემის კლინიკური რეალიზაციის დასაწყისშივე სპეციალისტები ორ ძირითად მიმართულებას ავითარებდნენ: ორთოტოპიული და ჰეტეროტოპიული ტრანსპლანტაციის ქირურგიული უზრუნველყოფის პრინციპებსა და დეტალებს.

თავდაპირველად ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის კლინიკური გამოყენების შედეგები არადამაიმედებელი აღმოჩნდა. 1963 წელს სტარზლი და თანაავტორები აქვეყნებენ ადამიანებში ღვიძლის გადანერგვის მცდელობის პირველ 3 შემთხვევას. მაგრამ, ამ პროცედურის შემდეგ, მეტ-ნაკლებად განგრძობილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ვერ იქნა მიღწეული 1967 წლამდე, როდესაც ჰეპატოცელულარული კარცინომის გამო ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა 19 წლის გოგონას (იგი დაიღუპა ოპერაციიდან 13 თვის შემდეგ მეტასტაზური გართულებების გამო).

ინგლისელებმა Roy Calne კემბრიჯიდან და Roger Williams ლონდონიდან 1968 წელს გამოაქვეყნეს ღვიძლის კლინიკური ტრანსპლანტაციის 5 შემთხვევა და დაწვრილებით აღწერეს ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული, ინტრაოპერაციულად გამოვლენილი ქირურგიული გართულებები. მოგვიანებით, 2012 წელს სტარზლი და კელნი, როგორც ამ პროცედურის პიონერები, დაჯილდოვდნენ კლინიკურ მედიცინაში კვლევებისთვის საპატიო „ლასკერ - დებეიკის" პრემიით.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პირველი წლები განსაკუთრებით პრობლემური იყო პედიატრიული პაციენტებისთვის. ბუნებრივად პედიატრიული დონორების მკვეთრი ნაკლებობის გამო ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიცხვში, რომლებიც სათანადო ზომის სრულ დონორულ ორგანოს ელოდებოდნენ, სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი იყო. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც შემოღებულ იქნა მოზრდილი გვამური დონორიდან ტრანსპლანტატის გაყოფის შედეგად მისი ნაწილების გადანერგვის მეთოდი. ეს კი რამოდენიმე რეციპიენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნიდა.ასე მაგალითად, Bismuth და თანაავტორები (1984) გვატყობინებენ ღვიძლის მარცხენა წილის პირველი ტრანსპლანტაციის შესახებ რეციპიენტ ბავშვში, ხოლო 1988 წელს Pichlmayr-მა გერმანიაში შეასრულა ღვიძლის პირველი სპლიტ-ტრანსპლანტაცია (Splitting-transplantation). ერთი დონორული ორგანოს გამოყენებით მან ტრანსპლანტაცია შეუსრულა 2 წლის ბავშვშვს ბილიარული ატრეზიით და 63წლის რეციპიენტ ქალს პირველადი ბილიარული ციროზით.

მომდევნო წლებში Broelsch CE. და თანაავტორები (1988), Silvano Raia (1989) დაStrong და თანაავტორები (1990) აღწერენ სპლიტ-ტრანსპლანტაციების სერიას მოზრდილი დონორებისგან ბავშვ რეციპიენტებში დამაიმედებელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. Goss JA. და თანაავტორები (1997) აღნიშნავენ, რომ ღვიძლის სპლიტ-ტრანსპლანტაციებს ტრანსპლანტატის in situ ამოკვეთის შემთხვევებში თან ახლავს ტექნიკური სიძნელეები და პოსტოპერაციული გართულებები. ისინი გვთავაზობენ მარცხენა წილის ორსეგმენტიან (2, 3) და მარჯვენა წილის სამსეგმენტიან (1, 4-8) სპლიტს, რომელთა ექსპლანტაცია ხდება დონორის კლინიკაში, მულტიორგანული დონაციის პირობებში და აჩვენებენ ტრანსპლანტაციის შემდგომ მაღალ ერთწლიან სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის 100%-მდე.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ისტორიაში შემდეგი ნაბიჯი იყო ცოცხალი დონორების წილობრივი ტრანსპლანტატების გამოყენება, რის შედეგადაც პედიატრიული პაციენტების მოლოდინის რიგში მყოფთა სიკვდილიანობის რისკი კიდევ უფრო მეტად შემცირდა. Nadalin S. და თანაავტორები (2006) და Makuuchi M. და თანაავტორები (2007) აღნიშნავენ, რომ ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვის შემოღება ამ ორგანოს ტრანსპლანტოლოგიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაბიჯი იყო. 1989 წელს, პირველად იგი განხორციელდა, როგორც სპლიტ-ტრანსპლანტაციის ერთგვარი ალტერნატივა ავსტრალიელი Strong-ის მიერ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ Shinshu group-ის (1994) მცდელობით გახდა შესაძლებელი, მისი გამოყენება ზრდასრულ პაციენტებში.

ტრანსპლანტოლოგია საქართველოში:

საქართველოს ტრანსპატოლოგთა ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, 1977 წლიდან 2018 წლის ბოლომდე საქართველოში 344 ორგანოგადანერგილი მოქალაქე ცხოვრობდა და მათი რიცხვი ყოველწლიურად სწრაფად იზრდება.

მსოფლიოში ხდება 6 ძირითადი ორგანოს გადანერგვა. ამ 6 ორგანოდან ყველაზე ხშირად ინერგება თირკმელი, ღვიძლი, მერე გული, ფილტვი, პანკრეასი და ბოლოს წვრილი ნაწლავი. ჩამოთვლილი ორგანოებიდან საქართველოში მხოლოდ 2 ორგანოს გადანერგვა ხდება - თირკმლისა და ღვიძლის. თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 1977 წელს ჩატარდა, ხოლო 1995 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია კი პირველად წარმატებით 2014 წელს ჩატარდა და დღეისათვის რამოდენიმე კლინიკურ ბაზაზე, უცხოელი სპეციალისტების (სამხრეთ კორეელი, ინდოელი)დახმარებით, წარმატებით ინერგება.

შექმნილია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია (1997) და აქტიურად მიმდინარეობს როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე პრაქტიკული, კლინიკური საქმიანობა.

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  1143 ნახვა